ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და არჩევნების შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიცია არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად დაუბალანსებელ ოქმებს იყენებს.
„ამასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ დაუბალანსებელი ოქმები საქართველოში ჩატარებულ ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა. ყურადღებას გავამახვილებთ იმ გარემოებაზეც, რომ ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება. ამასთან, ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდებოდა, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ დამკვიდრებული პრაქტიკაა.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
PVT მეთოდოლოგიით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ISFED-მა გუშინ განცხადება გაავრცელა.
ორგანიზაციის განცხადებით, შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როდესაც ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. აღნიშნული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ შედეგების შესაძლო მაქსიმალური გავლენა სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები.
„აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და, ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.“ – აღნიშნულია ISFED-ის განცხადებაში.
ბიულეტენების თავიდან დათვლა შედეგებისადმი უნდობლობას და პოლიტიკურ დაძაბულობას რომ შეამცირებს, განცხადება ამის შესახებ „გამჭირვალობა საქართველომაც“ გაავრცელა.
ცესკო შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას გუშინ სპეციალური განცხადების გამოეხმაურა.
ცესკოს განცხადებით, სოციალური ქსელებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და არასწორი ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას და არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზანია საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.