2024 წლიდან პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ, ამის შესახებ განათლების მინისტრმა განაცხადა.
„სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან, მშობლებთან კონსულტაციის შედეგად, მიგვაჩნია, რომ ობიექტური წყალგამყოფია 31 დეკემბრის ჩათვლით, ვისაც 6 წელი შეუსრულდა. ცვლილება შევა შემდეგ სასწავლო წელს და სკოლაში შესვლა შეეძლება მას, ვისაც 6 წელი შეუსრულდა 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 წლებში უკვე მათ შეეძლებათ სკოლაში შესვლა, ვისაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდება” , – განაცხადა ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ გადაწყვეტილება არის ნებაყოფლობითი. მშობლებს ექნებათ არჩევანის თავისუფლება, შეიყვანონ თუ არა ბავშვი სკოლაში 6 წლამდე. „თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ბავშვი არ არის სკოლისთვის მზად, შეუძლია ბაღში დატოვოს და ერთი წლის შემდეგ მიიყვანოს სკოლაში, თუ ჩათვლის, რომ მზად არის, მივცემთ ამ შესაძლებლობას”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, წელს, პირველ კლასში შესვლა შეძლეს მხოლოდ იმ ბავშვებმა, ვისაც 6 წელი უსრულდება 1 ნოემბრამდე.