ამილახვარი: 3 წლის შემდეგ დადგება საკითხი — დავტოვოთ თუ გავაუქმოთ ეროვნული გამოცდები

პუბლიკა

განათლების მინისტრის განცხადებით, მომავალი 3 წლის განმავლობაში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არაფერი არ იცვლება, თუმცა გიორგი ამილახვრის თქმით, განათლების სამინისტრო ამ საკითხზე აქტიურად მსჯელობს და 3 წლის შემდეგ ეროვნული გამოცდების გაუქმებასაც არ გამორიცხავს.

„3 წლის შემდეგ დადგება საკითხი, განვიხილოთ – არის ეროვნული გამოცდების საჭიროება, თუ გვიწევს საერთოდ მისი გაუქმება“. – თქვა მან „რუსთავი 2- ის ეთერში. 

ამილახვრის თქმით, 2027 წლიდან განათლების სამინისტრო აპირებს, 12 კლასის ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტაროს სკოლის ისეთი გამოცდა, რომელშიც ისინი მიიღებენ განმსაზღვრელ შეფასებას, ქულას, რეიტინგს.

„ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მოსწავლის უნივერსიტეტში ტრანზიციისთვის ან პროფესიულ განათლებაში გასაგრძელებლად. ამ მინიმალურმა ცოდნის ბარიერმა უნდა გადაწყვიტოს, ის ამთავრებს სკოლას თუ ვერა.

12 კლასის განმსაზღვრელი შეფასება ორ რამეს გადაწყვეტს, ერთი, რომ ბავშვი სკოლას ამთავრებს და მას მიენიჭება ქულა რეიტინგი, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტის მოთხოვებიდან გამომდინარე და ამ ქულის ფარგლებში თავად გადაწყვეტს  მოსწავლე, თუ რომელ უნივერსიტეტს მიმართავს და უნივერსიტეტი თავად განსაზღვრავს ბარიერს“. – თქვა გიორგი ამილახვარმა.

განათლების მინისტრისვე თქმით, ეს ცვლილებები საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება – დღეს კი ბავშვები სკოლას ცოდნის შეუფასებლად ამთავრებენ.

„დღეს, პრაქტიკულად, შიდა თავისუფლება აქვთ სკოლებს სხვადასხვა შეფასების ფორმის და პრაქტიკულად, ცენტრალიზებული რაიმე ფორმალური გამოცდის, ტესტისა თუ ცოდნის შეფასების გარეშე ამთავრებენ დღეს ბავშვები სკოლას“. – თქვა მან.