ამილახვარი: არავის, არც ერთ კანდიდატს არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებულია

პუბლიკა

განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დირექტორთა არჩევნებთან დაკავშირებულ კრიტიკას უპასუხა. მისი თქმით, იმ სკოლებში, რომლებშიც ახლა კონკურსი ტარდება, 71%-ში, მხოლოდ ერთ კანდიდატს ჰქონდა განაცხადი შეტანილი.

„შესაბამისად, ბუნებრივია, სამინისტროს არავითარი სხვა შესაძლებლობაც კი არ ჰქონდა, სურვილის შემთხვევაში, რომ ერთზე მეტი კანდიდატი წარედგინათ ამა თუ იმ სკოლაში, ვინაიდან ერთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული.“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დირექტორებს სამეურვეო საბჭოები ირჩევენ და ამიტომ ყველაფერი საზოგადოების ხელშია.

„აქ არ უნდა გამოგვრჩეს ერთი საკითხი, რომ დირექტორებს სამეურვეო საბჭოები ირჩევენ. ამიტომ, ისევ სასკოლო საზოგადოების ხელშია, რომელი კანდიდატია მათთვის მისაღები თუ მიუღებელი.“ – ამბობს ამილახვარი.

მინისტრის თქმით,  პროცესი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ღიად, საჯაროდ, ტრანსპარანტულად და ინკლუზიურად მიმდინარეობს.

„არავის არც ერთ კანდიდატს, არც ერთ ორგანიზაციას თუ არც ერთ პიროვნებას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებული, სუბიექტური ან არასამართლიანია. ბუნებრივია, ყველაფერი კომისიაზე იყო დაფუძნებული, ერთი მხრივ, სერტიფიცირების პროცესი, მეორე მხრივ – მეორე ეტაპი, როდესაც გასაუბრებაზე უნდა განისაზღვროს, თუ რომელი კანდიდატი რომელ სკოლას წარედგინება.“ -ამბობს ამილახვარი.

სტატისტიკით მანიპულირება:

მინისტრი თავის გამოსვლაში სტატისტიკის მანიპულირებს. ისედაც ცნობილი იყო, რომ დირექტორის არჩევნები საქართველოში მოქმედ 2074 სკოლაში ვერ ჩატარდებოდა, რადგან კონკურსის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 1409 კანდიდატი მონაწილეობდა და 2074 სკოლიდან არჩევნები, სავარაუდოდ, 1276 სკოლაში დაინიშნებოდა.

1267 სკოლიდან კი, 894 სკოლაში – მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰქონდა ინტერესი გამოხატული, 382 სკოლაში კი, მონაწილეობა სურდა 2/ან და მეტი კანდიდატს. ანუ არსებობდა სკოლები, სადაც კონკურენტული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა იყო, მაგრამ უმეტესობაში მხოლოდ ერთი კანდიდატი გაიგზავნა.

იმ სკოლებშიც კი, სადაც სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობა 10 კანდიდატს აჭარბებდა ასარჩევად მხოლოდ ერთი კანდიდატი გაიგზავნა.

ეს სკოლებია:

  1. სსიპ – ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №163 საჯარო სკოლა;
  2. სსიპ – ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის №87 საჯარო სკოლა;
  3. სსიპ – თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის №1 საჯარო სკოლა;
  4. სსიპ – ქალაქ თბილისის №114 საჯარო სკოლა (16 კონკურენტი);
  5. სსიპ – ქალაქ თბილისის №136 საჯარო სკოლა;
  6. სსიპ – ქალაქ თბილისის №166 საჯარო სკოლა;
  7. სსიპ – ქალაქ თბილისის №177 საჯარო სკოლა;
  8. სსიპ – ქალაქ თბილისის №207 საჯარო სკოლა;
  9. სსიპ – ქალაქ თბილისის №64 საჯარო სკოლა;
  10. სსიპ – ქალაქ რუსთავის №22 საჯარო სკოლა.

სკოლის დირექტორთა კონკურსისთვის ვაკანტური თანამდებობის დაკავების სურვილი 1409 კანდიდატმა გამოთქვა (აქედან 593 პირმა 2023 წელს მიიღო სერტიფიკატი, მხოლოდ ძველი სისტემით სერტიფიცირებული 816 კანდიდატი მონაწილეობს კონკურსში.) არჩევნები 927 სკოლაში დაინიშნა. 349 სკოლაში კი, სადაც ერთი კანდიდატის გაგზავნა მაინც შეიძლებოდა, არ გაიგზავნა კანდიდატი და იქ არჩევნები არ ჩატარდება.

დირექტორთა კონკურსის 27 მონაწილე განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის 

მინისტრმა დღევანდელ გამოსვლაში განაცხადა, რომ „არც ერთ კანდიდატს, არც ერთ ორგანიზაციას თუ არც ერთ პიროვნებას არ უთქვამს, რომ კონკურსი რაიმე ფორმით მიკერძოებული, სუბიექტური ან არასამართლიანია.“ რაც ასევე არ არის სიმართლე.

სერტიფიცირების მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, შედეგების გამოცხადებას კანდიდატების პროტესტი მოჰყვა. დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების მეორე ეტაპი – გასაუბრება – სამინისტრომ 2023 წლის 20 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით ჩაატარა.

მინისტრის ბრძანებით შექმნილი იყო გასაუბრების 2 კომისია. გასაუბრების დასრულებიდან თითქმის 2 თვის შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს, სამინისტრომ გამოაქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც, 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გაიარა.

აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ.

2023 წლის 7 და 10 ივლისს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 კონკურსანტის უფლებების დასაცავად „სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სარჩელით დირექტორობის მსურველები სერტიფიცირების მეორე ეტაპის – გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობასა და მის ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვას ითხოვენ.