ამილახვარი: ცალკე იქნება სახელფასო პოლიტიკა და ცალკე პროფესიული განვითარება

პუბლიკა

ამ წუთებში განათლების მინისტრი, ზოგადი განათლების რეფორმის შესახებ პრეზენტაციას მართავს. მინისტრის თქმით, „საგანმანათლებლო კვლევის ეროვნული ცენტრის“ კვლევის თანახმად, მასწავლებლების 65% სქემაში ჩართულია მხოლოდ სახელფასო პოლიტიკის გამო. ამილახვრის თქმით, სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და „ეს ორი პროცესი გაიყოფა“.

მინისტრის პრეზენტაციიდან ცხადი არ იყო, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პროფესიული განვითარების სტატუსებზე მიბმული დანამატები უქმდება. მინისტრის პრეზენტაციაში აღნიშნული იყო, რომ არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს. რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე. 

მინისტრმა პრეზენტაციაზე განაცხადა შემდეგი:

„აღნიშნული სქემა საჭიროებს განვითარებას. კვლევების თანახმად, მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ სტატუსების მოპოვების პროცესში ებმება იმიტომ, რომ მას უნდა სახელფასო დანამატი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ, ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას და ცალკე, პარალელურ რეჟიმში ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. აქ არანაირ გაუქმებაზე არაა საუბარი, არის მხოლოდ განვითარებაზე საუბარი და ჩვენ ღია ვართ ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან ერთად, განსაკუთრებით პროფკავშირთან ერთად, მზად ვართ დავიწყოთ აქტიური მუშაობა სქემის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისივე თქმით, მასწავლებლის სახლი შეცვლის მიდგომებს და მომავალი წლიდან სავალდებულო ტრენინგ-მოდულები გაუქმდება. სისტემა გადავა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენაზე და იმ სერვისების შეთავაზებაზე, რომელიც მასწავლებლებს სჭირდებათ.

რისგან შედგება მასწალებლის ხელფასი?

დღეს მასწავლებლის ხელფასი, უხეშად რომ ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგება – საბაზო და სტატუსის დანამატი. როგორც საბაზო, ისე დანამატით განსაზღვრული თანხის საბოლოო რაოდენობაზე გავლენას სხვადასხვა ინდიკატორი ახდენს, თუმცა მათ შორის უმთავრესია საათობრივი დატვირთვა.

საბაზო ხელფასი 405 ლარიდან 595 ლარამდე მერყეობს. სტატუსის დანამატები კი ასე გამოიყურება: უფროსი მასწავლებლისთვის 795; წამყვანი მასწავლებლისთვის – 1175; მენტორი მასწავლებლისთვის კი – 1475 ლარი.