ამილახვარი: ოპონენტები ხედავენ, რომ პოზიტივი მოდის სისტემიდან და სურთ პროცესის დაზიანება

პუბლიკა

განათლების მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დირექტორთა კონკურსის მონაწილეთა პროტესტზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ის დღეს შეხვდა პროტესტის მონაწილეებს, მოისმინა მათი მოსაზრებები და გააცნო თავისი არგუმენტები.

„ბუნებრივია, კონკურსი იმის არის, რომ ვიღაც დარჩება კონკურსს გარეთ. თუ ვინმე თვლის, რომ მათი უფლებები დაირღვა ამისთვის არსებობს სასამართლო. სხვა კუთხით სამინისტროსთან და ჩვენ წარმომადგენელთან უკიდურესი პროტესტებით თუ შეურაცხმყოფელი განცხადებებით და ულტიმატუმებით საუბარი უსაფუძვლოა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც სჭირდება სკოლას, სკოლის საზოგადოებას და პირველები ვართ, ვინც დავიწყეთ სკოლის ავტონომიაზე და გაძლიერებაზე ზრუნვა, მუშაობა“, – განაცხადა ამილახვარმა.

ბრიფინგზე მინისტრმა მედიას უსაყვედურა და განაცხადა, რომ შესაძლოა, მედიას „მიზანმიმართულად სურდეს რეფორმების დაზიანება“.

„თქვენი ტელევიზია, „მთავარი“ და „ტვ პირველი“ მოდიხართ და ყოველდღე, არ ვიცი, ან საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ, რეფორმები დააზიანოთ, აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია თავისთავად, მაგრამ გამოგყავთ ისე თითქოს სისტემური და ათი ათასობით ადამიანის პროტესტია“, – განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს „უნდათ, რომ დააზიანონ ის დიდი რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემამ დაიწყო“.

„რაც შეეხება დირექტორების კონკურსს, მე ამაზე არაერთი განმარტება გავაკეთე. რა თქმა უნდა, როცა ხედავენ ჩვენი ოპონენტები, რომ რეფორმები დაიძრა, პრობლემები იჭრება, პოზიტივი მოდის სისტემიდან, ბუნებრივია, ჩვენ ოპონენტებს სხვა ამოცანა არ ამოძრავებთ, მათ სურთ, რომ დააზიანონ ნებისმიერი პროცესი.

სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა, სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები და მხოლოდ 8% დარჩა, სადაც არ აურჩევიათ და ჩვენ არცერთთან დისკრეცია არ გამოგვიყენებია.

კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად ჩვენ მხოლოდ წარდგენის უფლება გამოვიყენეთ. თუ ვინმე არ იქნა წარდგენილი, ის დასაბუთებულია შესაბამის ოქმებში და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, თუ ფიქრობს, რომ მისი უფლებები შეილახა. მაგრამ აქ სიმართლე ერთია – ერთ ადამიანს ვერ ასახელებენ 900 სკოლიდან, რომ ვინმე არაკვალიფიციური, ან გარკვეული სუბიექტური მიზნებით იყოს იქ განწესებული, პოლიტიკურად დაკავშირებული ხელისუფლებასთან.

აქ არის ერთი სიმართლე – როგორც ხალხია ბრძენი, ასევე არიან პედაგოგები, ის სასკოლო საზოგადოება, რომლებიც დღეს ქმნიან ქართულ განათლებას და ისინი არასდროს და ვერასდროს აჰყვებიან იმ ვიწრო ინტერესებს, რომლის უკანაც, შესაძლოა იყოს გულისწყრომა და ამისთვის არ არის გარკვეული პროტესტი საჭირო და ამისთვის სამართლებრივად მოქმედებაც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანოებში.

თუ ამის უკან დგას დიდი პოლიტიკური ამოცანები, გასაგებია რატომაც, უნდათ რომ დააზიანონ ის დიდი რეფორმები, რომლებიც განათლების სისტემაში დავიწყეთ“, – განაცხადა ამილახვარმა.

განათლების სამინისტროსთან დირექტორთა კონკურსის მონაწილე მაია ეკალაძემ დღეს შიმშილობის დაწყება დააანონსა.

მისი მოთხოვნებია:

  • დირექტორების შერჩევის კონკურსში დაბლოკილი კანდიდატების დისკრეციის წესით დანიშვნა;
  • მასწავლებლებისთვის ხელფასის მომატება იანვრიდან და არა ივლისიდან.