დღეს კორონავირუსით საქართველოში პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა პროცედურები, რა წესების დაცვით უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი.
მისი თქმით არსებობს სპეციალური ჩანთები, სადაც სპეციალური დამუშავების შემდეგ თავსდება გარდაცვლილი. შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, სადაც უკეთდება სპეციალური მისანიშნებელი ნიშანი. ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფექციო დამუშავება. ამ პროცედურიდან არაუმეტეს 1 საათში უნდა ეცნობოს ახლობლებს, მათ უნდა მიეცეთ რეკომენდაციები შემდგომი სარიტუალო პროცედურების შესახებ.
„აუცილებელია, რომ გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე და არ იყოს ამ დროს ტრადიციული დიდი სამძიმრებები, პანაშვიდებს რასაც ვეძახით და ამავე დროს არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, შესაბამისი სარიტუალო სუფრები. რა თქმა უნდა, ყველა ეს რეკომენდაცია დაწესებულების მიერ ეძლევა გარდაცვლილის ახლობლებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის სულ 156 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.