ამირან გამყრელიძე: ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის 2 მოქალაქე შეიყვანეს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის 2 მოქალაქე შევიდა, რომლებსაც შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

„დღეს კიდევ არის 2 ჩინეთის მოქალაქე შესული ინფექციურ საავადმყოფოში, ისინი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტის დაქირავებული მუშახელი, რომლებიც მუშაობენ ერთ-ერთ რაიონში. იქ უკვე ჩვენი ეპიდემიოლოგები არიან წასული და დღესვე იქნება მათზე პასუხი,”- განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველო ისევ ე.წ მწვანე ზონაში რჩება და ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი და ის ღონისძიებები, რაც ტარდება, სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებთან.

გამყრელიძემ ასევე ვირუსთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ ისაუბრა. 7 თებერვლის დილისთვის არსებული მონაცემებით, ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, დაფიქსირებულია 3143 ახალი შემთხვევა, ლაბორატორიულად სულ დადასურებულია 31 161 შემთხვევა, დაკვირვების ქვეშაა 26 000 მეტი ადამიანი. დაიღუპა 636 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1540 ადამიანი.

ვირუსი ჩინეთის გარდა დაფიქსირებულია 25 ქვეყანაში, სულ 227 შემთხვევა.