ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს და ათწლიან მუშაობას აჯამებს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოსტის დატოვებამდე მიმართვას ავრცელებს, სადაც 10-წლიან მუშაობას აჯამებს.

მიმართვაში გამყრელიძე მადლობას უხდის ცენტრის თანამშრომლებს, პოზიციის დაკავებიდან მოყოლებული: ქვეყნის მმართველ გუნდს, მთავრობას – აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას, ჯანდაცვის მინისტრებს. საუბრობს მიღწევებზე და გამოწვევებზე.

„თუმცა ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს და რის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა და კვლავ იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. აქვე მინდა განსაკუთრებული თანაგრძნობა და თანადგომა გამოვხატო მათი ოჯახების და ახლობლების მიმართ, ვისი გადარჩენაც, სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო. მათ შორის ბევრია ჩემი მეგობარი, ნაცნობი, ახლობელი და კოლეგა.

ამ ბოლო წლებმა ჩემზეც მოახდინა განსაკუთრებული სტრესული და ფსიქოლოგიური გავლენა და დიდი დამღა დამასვა, როგორც ჯანმრთელობის, ასევე ემოციური კუთხით, რადგან პანდემიასთან ასოცირებული ახალი ინფორმაცია და პროცესების ყოველდღიური ანგარიშგება, მათ შორის ნეგატიური, ერთ-ერთი პირველი ზიარდებოდა ცენტრთან, პირადად ჩემთან და ჩვენს მიერ გაანალიზებული მიეწოდებოდა მთავრობასა და შესაბამის უწყებებს. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კეთდებოდა ანალიზი და სათანადო რეკომენდაციები ქვეყნისა და მოსახლეობისთვის, რაც შემდგომ განიხილებოდა ჯანდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ“, – წერს გამყრელიძე.

გამყრელიძე წერს, რომ ქვეყნის განვითარებისა და არსებული პროგრესის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი ევროატლანტიკური სივრცის, ამ დიდი ოჯახის წევრობა, ევროსტრუქტურებთან მეტი დაახლოება და ინტეგრაცია, ისევე როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს დარგობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, როგორც ყოველთვის, ჰქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და თანადგომა პარტნიორი უცხოელი კოლეგებისგან, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ჩემი მხრიდან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, უცხოელი კოლეგისა და მეგობარი ქვეყნის მიმართ, რომელთა მხარდაჭერით, დახმარებითა და აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ ცენტრის მუშაობის გაძლიერება, არამედ ქვეყნის ერთიანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაუმჯობესება. იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი თაობა განაგრძობს და კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორებთან თანამშრომლობას და უფრო მეტი წარმატებული ერთობლივი პროექტი განხორციელდება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლოდ“, – წერს გამყრელიძე.