დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის ინფიცირებულები, რომლებიც ბინაზე მკურნალობენ, უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომების პაციენტები არიან.
მისი თქმით, ინფიცირებულების უმეტესობა სწორედ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა და მათ მკურნალობა ბინაზე უნდა განაგრძონ.
„ყველა ინფიცირებულს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს, უნდა მივცეთ საშუალება, დარჩნენ სახლში და ეს 12 -14-დღიანი ციკლი დაამთავრონ ბინაზე ან, ვისაც სჭირდება, იმკურნალოს ჰოსპიტლებში. ეს კი სჭირდება, დაახლოებით, 20-დან 25%-მდე ინფიცირებულს. დანარჩენებმა მკურნალობა უნდა გააგრძელონ ბინაზე.
ბინაზე, დღევანდელი პროტოკოლით, რჩებიან 18-დან 65 წლამდე პაციენტები, ძირითადად, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომებით, ანუ სადაც არ გვაქვს სუნთქვის უკმარისობის რაღაც ხარისხი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში, ორი მთავარი წესი უნდა დაიცვან პაციენტებმა. ეს არის სითხის მიღება და მოძრაობა.
„რას ვურჩევ მათ, ვინც ბინაზე მკურნალობს:
- პირველ რიგში, რომ არ იყოს პანიკა. რადგან, როგორც გითხარით, ესენი არიან მსუბუქი ან უსიმპტომო პაციენტები.
- თუ მათ გარკვეული პერიოდის შემდეგ, და ეს მოსალოდნელია, დაეწყებათ სიმპტომები, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება და ე.წ. რასაც ჩვენ ვეძახით დეზინტოქსიკაცია.
- ასევე, რაც შეიძლება, ბინაში მეტი მოძრაობა და არა უმოძრაოდ ყოფნა, რაც ხელს უწყობს (და დამახასიათებელია კორონავირუსისთვის) თრომბო-კოაგოლოგიური დარღვევების განვითარებას. ანუ ეს არის ორი მთავარი – მოძრაობა და რაც შეიძლება მეტი სითხე.
- რა თქმა უნდა, თუ ტემპერატურა არის 38-ზე მეტი – სიცხის დამწევის მიღება და ნუ დაელოდება, რომ ვინმემ დაურეკოს.
- ყველა ადამიანს უნდა გვყავდეს ჩვენი ოჯახის ექიმი. სასურველია პროაქტიურად 112-ით კი არა, რომელიც გადატვირთულია ახლა, რადგან ბევრი რეკავს, არამედ თვითონ დაურეკოს თავის ოჯახის ექიმს, ჩააყენოს საქმის კურსში და ეს უნდა მართოს შემდეგ დისტანციურად ოჯახის ექიმმა.
- ბინაზე მართვა ეს არის ოჯახის ექიმის კომპეტენცია, რომელიც არ არის რთული, დამერწმუნეთ. უმეტესობა ძალიან მალე 12 დღეში გამოჯანმრთელდება და აღარ არიან გადამდებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.