ამის არიდება შეიძლებოდა, „ოცნებას“ ხალხისა და მეგობრებისთვის რომ მოესმინა - კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე წერს, რომ მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონის გაწვევის შესახებ.

მისი თქმით, რაც მოხდა 7-8 მარტს თბილისში ამის აცილება შეიძლებოდა, „ოცნებას“ რომ მოესმინა ხალხისა და მეგობრებისთვის.

„ხალხის ხმა არ შეიძლება გაჩუმდეს, ბრძოლას თავისუფლებისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის ყოველთვის აზრი აქვს.

მთავრობავ, ახლა ყურადღება გაამახვილეთ 12 პუნქტზე, შეწყვიტეთ ხრიკები, შეწყვიტეთ კანდიდატის გზისთვის საფრთხის შექმნა, შეწყვიტეთ ქვეყნის მომავლის საბოტაჟი”, –  წერს ის.


თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.

მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.

8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრზამის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.