ამისთვის, მინიმუმ, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას - პაპუაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის. თუმცა, ამისთვის, სულ მცირე, უნდა მოიხსნას რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

„საკითხი არის მარტივად – „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ამ ცვლილებებს ვერ მიიღებს, ოპოზიცია – „ქართული ოცნების“ გარეშე ვერ მიიღებს ამ ცვლილებებს. ამიტომ, საჭიროა შეთანხმება. იმისთვის, რომ იყოს შეთანხმება, უნდა იყოს შეთანხმების ატმოსფერო და არა დაძალების, იძულების, მოთხოვნის და ა.შ.

ჩვენ ვთქვით კიდეც, რა არის წინაპირობა. შეუძლებელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ გვინდა შეთანხმება, ეს ცვლილებები და იქვე ითხოვდე რიგგარეშე არჩევნებს. მინიმუმ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას. ეს აჩვენებს, რომ მათ არანაირი ინტერესი ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გრძელვადიან ეფექტზე არ აქვთ, არამედ სურთ რაღაც მოკლევადიანი ეფექტი.

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი მოხსნა ქართველმა ამომრჩეველმა იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზე 47%-იანი ნდობა გამოუცხადა.

ახლა ოპოზიცია ცდილობს, ქართველი ამომრჩევლის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მაინც შექმნას ეს დესტრუქციული დღის წესრიგი და მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები.

ჩვენ უბრალოდ არ ვართ თანახმა დესტრუქციულ ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ეს უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ. ყველამ უნდა აჩვენოს, რომ მზად არის პოლიტიკური თანამშრომლობისთვის“, – თქვა პაპუაშვილმა.

დეპუტატის თქმით ასევე მსჯელობის საგანი უნდა იყოს თავად საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსი. თუმცა, მისი თქმით, დღის წესრიგიდან მოიხსნა ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი.

„რაც შეეხება ცვლილებების შინაარსს, იცით, რომ შედგება ორი ნაწილისგან. ერთი შეეხება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წესს და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ. ამიტომ ეს ცვლილება აღარ არის საჭირო, ვინაიდან 2024 წლამდე არჩევნები აღარ იქნება და შესაბამისად, ასეთმა ჩანაწერმა არ უნდა უბიძგოს ოპოზიციას, რომ კვლავ დესტრუქციულ ჩარჩოებში მოექცეს.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, ამისთვის საჭიროა მსჯელობა. არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც ამაზე ყოფილა სიღრმისეული მსჯელობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.