„ამიტომაც ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე ქვეყანა“ | ომბუდსმენი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება. ომბუდსმენის ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა პოლიტიკა, რომელიც გულისხმობდა საზოგადოების ჯანმრთელობის და მრავალი ადამიანის სიცოცხლის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევასა და  კანონდამრღვევი მოქალაქეების წინასაარჩევნოდ გულის მოგებას პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებისა და ჯარიმების ჩამოწერის გზით.

„ასევე, აცრების პოპულარიზაციის აქტიური კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ანტივაქსერების მრავალრიცხოვანი ჯგუფის მხარდაჭერის დაკარგვის შიშით.

ოპოზიციის პოლიტიკა იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა.

ხოლო წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.

ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.

ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა… 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში…, “- წერს სახალხო დამცველი.

დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 4901 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა კიდევ 74 ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის მხოლოდ 9.7%.