თბილისის საქალაქო სასამართლო სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის აღკვეთი ღონისძიების თაობაზე მსჯელობს.
მხარეების შუამდგომლობის დაწყებამდე ბრალდებულმა სოსო გოგაშვილმა თავისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.
აღწერა დაკავების ღამეს მის სახლში მომხდარი, სამართალდამცავები ძალადობრივ ქმედებებში დაადანაშაულა და მისი და მისი ოჯახის წევრების უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.
„16 ივლისს, ღამის 2 საათზე ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. ეს არ მომხდარა არანაირი წესების დაცვით, არც გაფრთხილებით, ან ის, რომ აი, მოვედით ამის გამო… მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკაზე და არა დაკავებაზე. მე მათ განვუმარტე, რომ გვყავდა მცირეწლოვანი ბავშვები, 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის ბავშვი და უკან გავიყვან და გაგიღებთ კარებს-მეთქი. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა. ასაფეთქებელს აყენებდნენ კარზე, დეტონატორს, რომ აეფეთქებინათ.
იქ არის 2 კარი, პირველი და მეორე დონის, მე მეორე დონის კარი გავუღე და უკვე კიბეებზე უნდა ამოსულიყვნენ სპეცრაზმელები და თანამშრომლები. ამ დროს ეს კარი ფეთქდება, ესენი შემოდიან, მე კარს ვაღებ და ვეუბნები, არ შემოანგრიონ… ისინი ამოდიან კიბეზე, დაუყოვნებლივ გვაკავებენ ორივეს, მეც და ჩემს შვილსაც. მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან განჩინება ჰქონდათ ჩხრეკაზე.
ძალადობრივი მეთოდებით გვაკავებენ. ნიკას [შვილს] ადებენ პლასტმასის ბორკილებს, მეც. 5-5 კაცი ზემოდან მუხლებით გვახრჩობს. ხდება ჩვენი დაფიქსირება მიწაზე. ამ დროს ხდება შეჭრა სახლში და ჩემი მეუღლის და ჩემი მეუღლის დის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა, თმით თრევა. 10 წლის ჩემი შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე. 4 წლის შვილიშვილი უნებლიე შარდვას და აბსოლუტურად არავის არაფერი არ ესმის. ჩვენ გართხმულები ვართ მიწაზე და ამ დროს მე ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ ორივე ხელზე რკინის შეხებას.
გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ და ვიცი, რასაც აკეთებენ. ხელზე მახებენ იარაღს, რომელი იარაღიც შემდეგ უნდა ჩადონ. რომ ვიგრძენი, რასაც აკეთებდნენ, ვეცადე, ხელები გამეთავისუფლებინა. ამ დროს გვერდით გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა, ვიცანი, ეს იყო გიორგი ღამბაშიძე, გენინსპექციის დირექტორის მოადგილე. მივმართე, ბიჭო, რას აიკეთებ *** ხომ არ გაქვს-მეთქი და ამის შემდეგ ამომარტყა წიხლი ყბაში და მერე უკვე დედის მისამართით შევაგინე. როგორც კი შევაგინე, ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი. მარცხენა მხარიდან [მეორე პირმა] ფერდში მომარტყა და 2 დღეა მოვითხოვ, გადამიღონ რენტგენი და არ მიღებენ, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. იქიდან ნიკა [შვილი] ყვიროდა.
როგორც კი ესენი ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შეცვივდნენ სახლში. ოთხნი იყვნენ, ერთი გიორგი ღამბაშიძე, რომელსაც არ ეკეთა ნიღაბი, დანარჩენებს ეკეთათ, ოღონდ ფორმა არ ეცვათ. აცვივდნენ მე-2 სართულზე, მეორეზე ასვლის შემდეგ თეა და ხათუნა გაჰყვნენ და დაინახეს, რომ საძინებელში ღამბაშიძე და ეს ხალხი რაღაც ნივთებს ტენიდნენ სხვადასხვა ადგილას. ამათ დაუწყეს ყვირილი. ღამბაშიძემ, რატომ ამოუშვითო. შემდეგ ესენი გამოათრიეს და თეას ყვირილი მესმოდა, რომ ჩადეს რაღაცებიო.
2 საათიდან ბორკილებდადებული ვარ და ფაქტობრივად, დაკავებული ვარ, თუმცა, ჩემი დაკავება მოხდა 12 საათის შემდეგ. 12 საათი უკანონოდ ვიყავი დაკავებული.
4 საათის განამვლობაში ჩემი შვილი ნიკა მიწაზე ეგდო, ხელებში სისხლი არ უმოძრავებდა, არ უხსნიდნენ. მეუღლე და ბავშვები ცუდად იყვნენ, 4 საათი სასწრაფო არ გამოიძახეს, გვატყუებდნენ ასანიძე – გამომძიებელი, ლაშა ჯიჯიეშვილი და შენგელია. გიორგი შავშიშვილიც იყო, გენინსპექციის წარმომადგენელი.
სასამართლოს და ამ ინსტიტუციას პატივს ვცემ და არ მინდა სიტყვა იდიოტი გამოვიყენო, გამოვიყენებ იმნაირს. ეს იმნაირი ხალხი, იმნაირად დაგეგმილი სპეცოპერაციით ამას ახორციელებენ, სუს-ის ვიცე-პოლკოვნიკის მიმართ, რომელმაც ქვეყანაში ტერორისტებს მუსრი გაავლო. ეს არასწორი მოქმედებაა, ეს ჩემი და ქვეყნის შეურაცხყოფაა. ისტორიული ფაქტის მოწმეები ვართ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნის პასუხისგებაში აძლევს სუს და ბრალდებას უყენებს პროკურატურა, რუსეთის აგენტების ჩივილის შედეგად და ამაში უნდათ, ჩართონ სასამართლო და მისი დისკრედიტება მოახდინონ.
დღეს ისტორიული დღეა. მე, ვიცე-პოლკოვნიკს ჩემი ქვეყანა მიყენებს ბრალს იმის გამო, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუში, რომელიც პატრიარქის გადაგდებას ცდილობდა. მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მქონდა და ეს გავაკეთე.
ჩემ მიმართ იყო არასათანადო, არაადამიანური მოპყრობა, ჩემი ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა, 4 საათი სასწრაფო არ გამომიძახეს და მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს.
არ დამარეკინეს ადვოკატთან, ყველას ტელეფონი ჩამომართვეს. ბოლო შეურაცხყოფა რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა აქ რომ მომიყვანეს, კრიმინალებთან ერთად სოროში ვიყავი, სადაც არც ჰაერი იყო, კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები.
ასე არ უნდა ხდებოდეს. ადამიანებს, სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ. თქვენ [პროკურორებს] უნდა გრცხვენოდეთ, იმის ნაცვლად, რომ მე მიცავდეთ, ჩემთან ერთად იღებდეთ ინფორმაციას ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებებზე, არც კი აღნიშნავთ იმ გარემოებებს, რაც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა“, – თქვა მან.
ამის შემდეგ სხდომა პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა.
ბრალდების მხარის განცხადებით, პროცესზე უნდა განხილულიყო გრიფით საიდუმლო და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რის გამოც სხდომის საჯაროობა მიზანშეწონილი არ იყო.