Amnesty: ჩხრეკებისას დამამცირებელი გაშიშვლება იქცა დაშინების იარაღად, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა

პუბლიკა

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ეხმაურება სამართალდამცავების მხრიდან პროტესტში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური შეურაცხყოფების, სექსუალური ძალადობის მუქარისა და ჩხრეკის დროს გაშიშვლების შესახებ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ პოლიცია სულ უფრო მზარდად იყენებს გენდერულად მოტივირებულ ძალადობას.

მათი შეფასებით ეს არის ფართო კამპანიის ნაწილი, რაც მიზნად ისახავს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშინებსა და დასჯას.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პოლიციის ძალადობის კადრები და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ უცნობი პირების ფიზიკური თავდასხმები საქართველოში შემაშფოთებლად გახშირდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს ქვეყანაში დაიწყო პროევროპული, ანტისამთავრობო დემონსტრაციების მასშტაბური ტალღა.

მათი განცხადებით, სახელმწიფო რეპრესიებისთვის წინააღმდეგობის გაწევით, ქალი დემონსტრანტები გამბედაობის სიმბოლოდ იქცნენ – ამავე დროს გახდნენ დამცირების, ძალადობისა და ფსიქოლოგიური ტერორის ობიექტები როგორც სამართალდამცავების, ისე უცნობი პირების მხრიდან.

„შესაძლოა ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ქალების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის მუქარების, მათი სახლების დარბევით, უკანონო ჩხრეკებისას გაშიშვლებით და დაკავებებით, დაამსხვრევდნენ წინააღმდეგობის სულისკვეთებას, შეაკავებდნენ მოქალაქეებს შემდგომი შეკრებებისგან და გააჩუმებდნენ მათ. მაგრამ, ქალები საქართველოში ამას გაბედულად დაუპირისპირდნენ, დაგმეს ძალადობა, მოითხოვეს სამართალი და რეპრესიებს წინააღმდეგობა დაუპირისპირეს”, – განაცხადა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევმა.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ ჩხრეკების დროს გაშიშვლება იქცა იარაღად დემონსტრანტების დასამცირებლად, რაც არღვევს როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო სამართალს.

„საქართველოში ჩხრეკების დროს უკანონო და დამამცირებელი გაშიშვლება, იქცა იარაღად, რათა დაამცირონ და დააშინონ დემონსტრანტები, განსაკუთრებით ქალები. ეს ცალსახად დარღვევაა როგორც შიდა, ასევე, საერთაშორისო სამართლის. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის ყველა ფორმა, გამოიძიოს ყველა ბრალდება და უზრუნველყოს გამჭვირვალობა ყველა დონეზე”, – თქვა მან.