საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი მოადგილე, დენის კრივოშეევი ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ბიურო ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს.
ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თავდასხმა იმ ადამიანებზე, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და ეწინააღმდეგება კორუფციას, „წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების დაცვის მიმართულებით”.
„ეს ბრძანება კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ამკაცრებს ხელისუფლება საქართველოში რეპრესიებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებაზე და როგორ იყენებენ ქვეყნის სასამართლო სისტემასა და ანტიკორუფციულ ბიუროს როგორც იარაღს, რომ მიზანში ამოიღონ და შეზღუდონ ადამიანის უფლებათა დამცველები, აქტივისტები და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
თავდასხმა მათზე, ვინც იბრძვის სამართლიანობისთვის და ეწინააღმდეგება კორუფციას, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, მათ შორის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებების დაცვის მიმართულებით.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სენსიტიური ინფორმაციის — მათ შორის ბენეფიციართა პირადი მონაცემების, ფოტოსურათების, საბანკო დეტალებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების — გადაცემის იძულება ზღუდავს აღნიშნული ორგანიზაციების დამოუკიდებლობასა და საქმიანობის თავისუფლებას, აძლევს სახელმწიფოს არაპროპორციულ კონტროლს მათი ფუნქციონირების პროცესზე.
ეს ზღუდავს იმ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მნიშვნელოვან საქმიანობას, რომლებიც იცავენ იმ პირების ინტერესებს, ვინც გახდა წამების, სექსუალური ძალადობის, კორუფციის ან სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი. ეს წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ასევე გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების უხეშ დარღვევას.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ბრძანება და რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და ავტონომიის შეზღუდვას და უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების დამცველებმა და აქტივისტებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობა შიშისა და ანგარიშსწორების მოლოდინის გარეშე”, – ამბობს კრივოშეევი.
17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. არასამთავრობოების განცხადებით, ბიურო მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მოითხოვს.
ბიურო ინფორმაციის გაცემას ორგანიზაციებისგან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ კანონებზე მითითებით მოითხოვს.
ბიურო ორგანიზაციებს 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდის ინფორმაციას სთხოვს.
ორგანიზაციების შეფასებით, მოთხოვნა არ ეყრდნობა „სამართლებრივ საფუძვლებს“ და არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამას ჩვენი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს“.
ორგანიზაციები სასამართლოს ბრძანებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
18 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ 5 არასამთავრობოსგან ინფორმაციის გამოთხოვა ამ ორგანიზაციებში პოლიტიკური საქმიანობის გამოვლენას უკავშირდება.
კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაცია არ სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს და ემსახურება მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას.