Amnesty International მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და Azel.TV-ის მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის ექსტრადირების პროცედურები და მიუთითებს საერთაშორისო სამართლის წინაშე საქართველოს ვალდებულებაზე.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის კომენტარს Ekho Kavkaza ავრცელებს.
„ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირებით ის აღმოჩნდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე, მათ შორის წამების, დაუსაბუთებელი პატიმრობისა და უსამართლო სასამართლო პროცესის წინაშე. სადიგოვის საქმე არის იმ ტენდენციის გაგრძელება, რომელიც აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის ამოძირკვას ემსახურება.
Amnesty International ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მთავრობის სხვა კრიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაპატიმრებულია მათი გამოხატვის თავისუფლების უფლებების გამოყენების გამო”, – აღნიშნავს ის.
სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს. 4 აგვისტოს კი მოსამართლემ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადირებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის ციხეში დარჩება.
შსს-ს განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტზეა ძებნილი და ის ექსტრადირების მიზნით დააკავეს.
სადიგოვის ოჯახი აზერბაიჯანული მხარის ბრალდებას ფალსიფიკაციას უწოდებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ალიევის რეჟიმი სადიგოვს სასტიკად გაუსწორდება.
დაკავებამდე სადიგოვს 18 ივლისს თბილისიდან გაფრენის შესაძლებლობა არ მისცეს. აეროპორტში განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ბაქოსკენ აიღებდა გეზს.
ამის შემდეგ სადიგოვი საჯაროდ ამბობდა, რომ საქართველოში ის თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. შეხვდა ომბუდსმენსაც. მის უფლებებს სამოქალაქო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“იცავს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.
ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაკავებული, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს. 2020 წელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო.
2021 წელს პატიმრობის ვადა სადიგოვს უზენაესმა სასამართლომ 4 წლამდე შეუმცირა. თითქმის ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს.