Amnesty International - როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური შურისძიებაა, შერჩევით სამართალთან ერთად

პუბლიკა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ (Amnesty International) ტვიტერზე განცხადებას ავრცელებს.

„შიმშილობის მე-5 კვირას ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ძალადობით გადაყვანეს ციხის საავადმყოფოში; სავარაუდოდ, დამუქრებით; შელახეს მისი ღირსება, დაარღვიეს პირადი ცხოვრებისა და ადეკვატური სამედიცინო მოსახურების უფლება.

როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალია, არამედ, პოლიტიკური შურისძიებაც“. – ვკითხულობთ საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით.


გუშინ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ მისი წერილი წაიკითხა:

„მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი და გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და შვილებთან.

როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთაც ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე.

ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა გამომიცხადა: „აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში“ და გინებაც მოაყოლა.

მოვითხოვე მისი სახელი და გვარი, თუმცა უარი მითხრეს თქმაზე. შემდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა, გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა.

ისევე, როგორც პალატაში, სადაც  გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მათ ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ, რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე.  ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული ამ ძალადობისა და შეირაცხყოფის შემდეგ აღელვებით.

ყველა იქცეოდა, როგორც კრიმინალი. ჩემს საკანში ისმის კრიმინალების ხმა.

ვაცხადებ ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე უარს. არ ვთანამშრომლობ სამედიცინო პერსონალთან. შევხვდები პირად ექიმს. აქ ჩემი გადმოყვანის მიზანი არის ჩემი ფიზიკური განადგურება პუტინის დაკვეთით” – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.