ორგანიზაცია Amnesty International-მა 25 ივნისს გამოაქვეყნა მიმართვა პროკურორ გიორგი გვარაკიძის მიმართ საბა სხვიტარიძის საქმესთან დაკავშირებით.
წერილში ისინი გამოხატავენ შეშფოთებას მის მიმართ წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის ბრალდებების შესახებ, კერძოდ, საუბარია მისი დაკავების დღეზე, როცა ის პოლიციელების მხრიდან ძალადობის სამიზნე გახდა, უარი ეთქვა ადვოკატთან კონტაქტზე და სამედიცინო დახმარებაზე.
„საბას დაკავება და სასამართლო პროცესი სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევებით წარიმართა. პოლიციელებმა მას არ აუხსნეს დაკავების მიზეზი, არ ჩართეს სამხრე კამერები, რაც კანონით სავალდებულოა; ასევე ჩამოართვეს ტელეფონები როგორც საბას, ასევე მამამისს, რითაც ხელი შეუშალეს მას, რომ ადვოკატს დაჰკავშირებოდა და იგი დაკითხეს ადვოკატის გარეშე. მისი ადგილსამყოფელი ოჯახისა და ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ ხუთი საათის შემდეგ.
საბა ჰყვება, რომ დაკავებისას დაემუქრნენ გაუპატიურებით და აიძულებდნენ „ეღიარებინა”, რომ ის თავს დაესხა პოლიციელს. უარის შემდეგ, ნიღბიანმა პირებმა მას სასტიკად სცემეს, ურტყამდნენ თავსა და ნეკნებში ათი წუთის განმავლობაში, ცდილობდნენ მისთვის ხელი მოეტეხათ, რის შედეგადაც მან დაკარგა გონება. პოლიციელები დასცინოდნენ და უგულებელყოფდნენ მის თხოვნას ადვოკატთან დაკავშირებისა და სამედიცინო დახმარების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა დაზიანებები, რომელმაც ტკივილი და გულისრევა გამოიწვია.
მიუხედავად ხილული დაზიანებებისა, რომელიც სახეზე იყო მეორე დღეს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ მაინც უარი თქვა დაეწყო წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე გამოძიება. უწყებამ გამოძიება მხოლოდ რამდენიმე დღეში, მას შემდეგ დაიწყო, რაც დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა წამების შესაბამისი დაზიანებები. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ საბა წინასწარ პატიმრობაში დატოვა, შესაბამისი განმარტების გარეშე, თუ რატომ იყო ეს გადაწყვეტილება აუცილებელი და პროპორციული.
საბა სხვიტარიძე ერთ-ერთია იმ ასობით მოქალაქეს შორის, რომლებიც საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა აწამეს ან არასათანადოდ მოეპყრნენ მშვიდობიანი აქციების დროს. იგი ამჟამად იმყოფება მკაცრი რეჟიმის ციხეში, სადაც მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ როცა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მისი ბრალდებები ჯერ კიდევ არ გამოძიებულა”.
ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყონ დაუყოვნებელი, მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება საბა სხვიტარიძის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებების შესახებ და პასუხისგებაში მისცენ ყველა პასუხისმგებელი პირი სამართლიანი სასამართლო პროცესების გზით.
ასევე მოითხოვენ, რომ საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი წარიმართოს სამართლიანი სასამართლოს შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წამებით ან არასათანადო მოპყრობით მოპოვებული ნებისმიერი ჩვენება ან მტკიცებულება გამოირიცხოს ყველა პროცესიდან, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც მიმართულია ამ წამების ჩამდენი პირების წინააღმდეგ.