ამნისტიის პროექტი უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის წესის დარღვევის მუხლებზეც ვრცელდება

პუბლიკა

28 დეკემბერს პარლამენტმა დაიწყო „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა კონკრეტული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების მიზნით. ამნისტიის ინიცირებული რედაქცია სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება, მათ შორის სხვადასხვა ქონებრივ და ეკონომიკურ დანაშაულს, ნარკოტიკის პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულს, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევასთან, უკანონო თევზჭერასა და ნადირობასთან დაკავშირებულ და სხვა ქმედებას.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული „ამნისტიის შესახებ“ პროექტი შრომის დაცვის წესის დარღვევის, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესისა და ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლებზეც ვრცელდება.

პროექტში აღნიშნულია, რომ ამნისტია არ გავრცელდება ამ სამი მუხლის იმ ნაწილებზე, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს. შესაბამისად, პროექტით ამნისტია გავრცელდება შემდეგ დანაშაულზე:

► უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება (170-ე მუხლის პირველი ნაწილი);

► უსაფრთხოების წესის დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება (240-ე მუხლის პირველი ნაწილი).

► ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2401-ე მუხლის პირველი ნაწილი).

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის შეფასებით, ამ მუხლებზე ამნისტიის გავრცელება პრობლემურია, ვინაიდან შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე სისხლისსამართლებრივი რეაგირების კუთხით სახელმწიფოს არ აქვს მკაცრი პოლიტიკა. მისი თქმით, გამოძიების დაწყების შემდეგ პრაქტიკაში პრობლემურია დევნის დაწყება, მათ შორის გონივრულ ვადაში, და ასევე ცალკე საკითხავია დადგება თუ არა სამართლებრივი შედეგი.

„ჩვენ გვქონდა სტატისტიკური მონაცემების ნახვის შესაძლებლობა 170-ე და 240-ე მუხლებზე და ვნახეთ, რომ 2019 წელს 244 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, და მხოლოდ 36 საქმეზე მოხდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ 36 საქმე წარიმართა სასამართლოში განსახილველად, სასამართლოში რა ხდება, ეს კიდევ ცალკე საკითხია.

სახალხო დამცველის ანგარიშებში ხშირად არის მითითებული, რომ ამგვარი საქმეების დაახლოებით 70%-მდე, როგორც წესი, საპროცესო შეთანხმებით სრულდება, ან სასამართლო არ იყენებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას“, – ამბობს ჩუთლაშვილი „პუბლიკასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ამგვარ დანაშაულზე სახელმწიფოს არ აქვს მკაცრი სისხლისამართლებრივი მიდგომა, პრაქტიკაში ასევე პრობლემურია ის, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალიან იშვიათ შემთხვევებში ეკისრებათ მაღალი მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს… ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ რეალურად კონტროლისა და ზედამხედველობის შესაძლებლობა, როგორც წესი, პასუხისმგებლობის გარეშე რჩება.

„ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ გამოძიება არ მიმართულებითაც უნდა წავიდეს ხოლმე, რათა გაირკვეს – მაღალ მენეჯერულ რგოლს ხომ არ ჰქონდა ინფორმაცია, ხომ არ იცოდა, ხომ არ უწყობდა ხელს ამ წესების დარღვევას. ამ მხრივ არ ხდება ხოლმე გამოძიების წარმართვა და მხოლოდ უშუალოდ დასაქმებულ პირს ეკისრება ხოლმე სისხლისამართლებრვი პასუხისმგებლობა.

აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის ქვეყანაში მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა და ვამბობთ, რომ თუ სახელმწიფო სათანადო რეაგირებას არ მოახდენს დანაშაულის შემთხვევებზე, შესაძლოა, რომ ამ დანაშაულის პრევენციასაც შეეშალოს ხელი, ბუნებრივია პრობლემურია ის, რომ ამავე მუხლებზე ავრცელებს პარლამენტი ამნისტიას“, – ამბობს ჩუთლაშვილი.

„ამნისტია არ ნიშნავს პოლიტიკის ავტომატურად შემსუბუქებას“ –  „პუბლიკასთან“ საუბრისას ამნისტიის პროექტის ინიციატორი მიხეილ სარჯველაძე ამ კუთხით გამოთქმულ შეფასებებს პასუხობს:

„მიდგომა ზოგადია – იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლებლად ჩავთვალეთ, რომ დანაშაული შეიძლებოდა შედარებით ნაკლები სიმძიმის ყოფილიყო, ასეთ შემთხვევებზე ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა ასეთი ინიციატივა ყოფილიყო და ამნისტია შეხებოდათ…

ის, რომ აღსრულება ჭირს და ბევრ შემთხვევაში შესაძლოა, იოლად ვერ ვლინდებოდეს ამ ტიპის სამართლადარღვევები, ეს არის პრობლემა და არა ის, თუ როგორი იქნება მათ მიმართ სასჯელის მოხდის პოლიტიკა, ვინც ამ დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ლოგიკა ასეთია. მთავარია, რომ არცერთი სამართალდართვევა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ რჩებოდეს, ხოლო როგორი იქნება შემდეგ სამართლადარღვევაზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ეს ის საკითხია, რომელსაც ამნისტია ეხება“, – აცხადებს სარჯველაძე.

მისი თქმით, იწყება საკომიტეტო მოსმენები და ამ საკითხთან დაკავშირებით მოისმენენ პოზიციებს. „თუმცა, რაც მე მოვისმინე არგუმენტაცია ამ საკითხებზე, ასე რომ ვთქვათ, ამას პასუხები აქვს“, – ამბობს სარჯველაძე.