შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ორთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, საერთაშორისო ნარკოდამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოვლინდა.
შსს-ს ინფორმაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე და ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა – დ.მ.-მ და ვ.ც.-მ მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ინახავდნენ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე და აღნიშნული ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას აორგანიზებდნენ.
დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
ამოღებული ნარკოტიკების ფასი 2 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს, “- ამბობენ შსს-ში