დაჭრილი მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და სახლში წოლითი რეჟიმი აქვს.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას ამის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე, გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო შესახედია ეს ფაქტი ხალხისთვის, რაც თავის მხრივ აზიანებს აქამდე სიმწრით და წვალებით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას. რაგბი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სპორტი, ეკუთვნის საზოგადოებას და სპორტსმენისთვის ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ღირსეულად წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახეობას.
რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას: მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა (ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშირდება ამ ჯგუფს და საბჭოს). გუშინ მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა მომხდარიყო განხილვა კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით. რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი), რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარებით. მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვა, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ.
ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა, სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში, იყო ის, რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!“, – წერს მორაგბე.
მისი თქმით, რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა. ის აცხადებს, რომ მას და იმ ბიჭებს, ვინც სიმართლეს ლაპარაკობს, ვერც იარაღით შეაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით.
„მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი.
ადამიანები, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას“, – წერს რამაზ ხარაზიშვილი.
მორაგბის დაჭრის ბრალდებით დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.