„ამომცნობებს მათზე მიანიშნეს" | დასკვნითი სიტყვა ლომიძე-ზასოხაშვილის საქმეზე

პუბლიკა

აქციების დროს დაკავებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა თქმა.

„საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი” –  ადვოკატების თქმით, საქმე საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით არის წარმართული.

პროკურატურა ბრალდებულებს პოლიციელებისა და წყლის ჭავლის მანქანისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. საქმეში ფიზიკური დაზიანება დაზარალებულად ცნობილ პირებს არ აქვს.

რაც შეეხება საქმეში არსებულ ვიდეოს, ბრალდების მხარეს მასზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერზიტა არ დაუნიშნავს – ამ ექსპერტიზით დადგინდებოდა, ვიდეოში გამოსახული პირები, რომლებიც პოლიციის კორდონისადმი „მოლოტოვს” ისვრიან, იყვნენ თუ არა დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ვიდეო უხარისხოა და იმდენად შეუძლებელია მასში კონკრეტული პირის იდენტიფიცირება, რომ ის კვლევისთვის არ გამოდგებოდა.

ამის მაგივრად კი, გამოძიებამ ჩაატარა ე.წ. „ამოცნობა“ ფოტოსურათით – „ამომცნობები“ კი გდდ-ის თანამშრომლები იყვნენ. მათ შორის ამ გარემოების გამოც დაცვის მხარისთვის ეს საგამოძიებო მოქმედება სარწმუნო არ არის და მეტიც, ისინი ამბობენ, რომ ამომცნობ პირებს მიანიშნეს ამოსაცნობ პირებზე – ანუ ბრალდებულებზე.

აღსანიშნავია, რომ ამომცნობები არიან გდდ-ის ის თანამშრომლები, რომელთაც ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. ესენი არიან – ბადრი თათანაშვილი და ავთანდილ ფოცხვერაშვილი.

ადვოკატები ამბობენ, რომ აქციაზე, სადაც ისროდნენ პიროტექნიკას, წყლის ჭავლს, ასევე იყო ღამის საათები, გდდ-ის თანამშრომლები ობიექტურად ვერ დაიმახსოვრებდნენ, ვერ გაარჩევნენ ადამიანების ნაკვთებს.

გთავაზობთ ფოტოსქრინებს ვიდეოდან:

  • Screenshot 2025-07-30 at 17.22.36

  • Screenshot 2025-07-30 at 17.21.57

  • Screenshot 2025-07-30 at 17.22.17








  • 01
    /




„სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოწმემ რა ვითარებაში, რა გარემოში, რა პირობებში ნახა, რამდენად შეეძლო ამომცნობს ობიექტის დანახვა, შეფასება და ა.შ. ვინაიდან ჩვენ გამოვიკვლიეთ საქმეში არსებული ვიდეომასალა, სადაც აშკარად ვნახეთ სიტუაცია თუ რა ხდებოდა ადგილზე, იქ რამე დეტალების გამორკვევა შეუძლებელია…

სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს მოწმემ განაცხადა, რომ მან გარკვევით დაინახა, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ წვერები თან ჭაღარანარევი, თვალის ჭრილები, ასევე ზუსტად მიუთითა ასაკი…

სასამართლოზე, ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევისას ირკვევა, რომ იმ დროს, როდესაც მანქანაში მყოფ მოწმეს ავთანდილ ფოცხვერაშვილს წყლის ჭავლი მიმართული ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართულებით მარცხენა მხარეს, საიდანაც პიროტექნიკას ისროდნენ, გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ის მარჯვნიდან ნასროლ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ვერ დაინახავდა, იმიტომ, რომ ეს უბრალოდ ანატომიურად შეუძლებელია, რადგან ადამიანებს გვაქვს ბინოკულარული მხედველობა და გვერდით მიმდინარე მოვლენებს ვერ დავინახავთ, შეიძლება შევამჩნიოთ ჩრდილების სახით რაღაც მოქმედებები, მაგრამ გარკვევით იმგვარად, რომ სახის ნაკვთები დავინახოთ შეუძლებელია და გარდა ამისა ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობდა რაც ჩანს ვიდეოჩანაწეში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკის სროლის შედეგად გამოწვეული კვამლის ღრუბლები დგას. შესაბამისად მოწმის ჩვენების სარწმუნოობა ძალიან დაბალია და არა სარწმუნო, ის უბრალოდ ტენდენციურია და მიკერძოებული”, – განაცხადა პროცესზე ადვოკატმა ირაკლი აბსანძემ.

მისივე თქმით, ამოცნობის ოქმები და დაზარალებულთა ჩვენებები მიუთითებს, რომ ამოცნობის დროს გამოძიების მხრიდან აშკარად იყო ჩარევა და დაზარალებულისათვის წინასწარ ბრალდებულების ფოტოების ჩვენება, ასევე მინიშნება ფოტოებზე წვერებით…

„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონდარღვევით, რადგან ამომცნობს პირდაპირ მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. აღნიშნული ოქმი არ არის სანდო, დარღვეულია ამოცნობის ჩატარების წესები, ამოსაცნობი ნიშნები არ აკმაყოფილებს სანდოობის სტანდარტს და აღნიშნული მტკიცებულებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა უბრალოდ თავის მოტყუებაა და იურისპრუდენციის შეურაცხყოფაა”, – განაცხადა ირაკლი აბსანძემ.

დაცვის მხარის პოზიციით, არსებითი განხილვის შედეგად ვერ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდება.

„არა ბიოლოგიური ექსტერტიზა, არა ჰაბიტოსკოპიური ექსტერტიზა, არა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, არცერთი. არაფერი არ გვაქვს. რა გვაქვს საქმეზე? ორი პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მოვიდნენ და არაფერი ახსოვდათ… რამდენად სანდოა მათი ჩვენებები? ყოველთვის გამონახავს ხელისუფალი ორ პოლიციელს, რომელიც თუნდაც უდანაშაულო ადამიანს დაადებს ხელს”, – განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა იზოლატორში ბრალდებულებთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე, აღნიშნა, რომ ის ჩატარდა ღამის საათებში, რისი გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების საჭიროებაც არ იდგა. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდებულებს არ მიეცათ შესაძლებლობა ადვოკატების დასწრების.

„მე ეს ადამიანი [მიუთითებს ზასოხაშვილზე] დაკავებიდან თითქმის დღე-ნახევარში ვნახე, თავ-ყბა ჰქონდა დასიებული, რომელთანაც არ მიმიშვეს… თვალები დაწითლებული, დახეთქილი სახე… ასეთ ადამიანებთან მივიდნენ და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები. დღესაც არ გვაძლებენ იზოლატორიდან სამედიცინო ბარათებს, რომელიც შესახლებისთანავე დგება”, – განაცხადა ვარდიაშვილმა.

ვინ არიან დაზარალებულები?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პროკურატურა დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს პოლიციელებისა და წყლის ჭავლის მანქანისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. საქმეში ფიზიკური დაზიანება დაზარალებულად ცნობილ პირებს არ აქვს.

10 ივლისს სასამართლომ დაზარალებულად მიჩნეულ პირებს მოუსმინა – ესენი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის) თანამშრომლები იყვნენ – ბადრი თათანაშვილი და ავთანდილ ფოცხვერაშვილი. (ვრცლად – https://shorturl.at/yXbCd)

ბადრი თანანაშვილმა აღნიშნა, რომ დაზიანება არ მიუღია, თუმცა საფრთხე შეექმნა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობს. მისი თქმით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის შედეგად დაზიანდა ავტომობილი. ამბობს, რომ ამ დროს თვითონ მანქანის გვერდით, ახლო მანძილზე იდგა. გდდ-ის თანამშრომლის თქმით, ცეცხლი ცეცხლმაქრებითა და წყლის ჭავლით ჩააქრეს.

„ჩვენ, როგორც მოკვდავმა ადამიანებმა, აღვიქვით ისე, რომ ვიღაცას ჩვენი სიკვდილი უნდოდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, ზიანი არ მიგვიღია იმ მომენტში, გადავრჩით“, – თქვა თათანაშვილმა სასამართლოზე.

ავთანდილ ფოცხვერაშვილმაც ისაუბრა მათი მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლისა და წყლის ჭავლის მანქანის დაზიანების შესახებ.

ბრალდების მხარემ ამ საქმეზე დასკვნითი სიტყვა წინა პროცესზე თქვა, რომელზე დასწრებაც მედიის წარმომადგენლებმა ვერ შევძელით, ვინაიდან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 10 ივლისს სხდომა დახურა. სასამართლო სხდომის დარბაზიდან ფოტოს გავრცელების გამო.

ნახეთ „პუბლიკის” მიერ მომზადებული მასალები ამ საქმეზე:

  • ბრალდებულები არსებითი განხილვის პროცესებზე გამოძიების ეტაპზე მათ მიმართ ძალადობასა და აღიარებითი ჩვენების მისაცემად ზეწოლაზე საუბრობდნენ – https://shorturl.at/oRqvy
  • „არანაირ საბუთზე ჩემი ხელმოწერა არ არის მანდ, რომ იცოდეთ. ვიღაც ჩაწერდა ჩემ მაგივრად და წაიღეთ ექსპერტიზაზე. ჩემი ხელმოწერა მანდ არც ერთ საბუთზე არ არის“ – https://shorturl.at/RDqqT
  • დავით ლომიძე ასევე სუბრობს დაკავებისას მიკროავტობუსში ცემისა და დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის შესხმის შესახებ – https://shorturl.at/G49El