საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.
კალანდარიშვილის თქმით, ამასთანავე, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
„დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე.
ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას […]
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.