„ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
„ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე.
შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში. ამ ცვლილებებით, როგორც ხედავთ, კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.