პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს.
განხილვისას საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ამომრჩევლის ნების კონტროლთან დაკავშირებით ისაუბრა.
მენაბდე მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლის შემთხვევები ძირითადად არა საარჩევნო უბნის შიგნით, არამედ უბნის გარეთ გვხვდება, შესაბამისად, მან საარჩევნო უბნის გარშემო ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის ნაწილში უფრო მეტი რეგულაციების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი დასკვნა არის შემდეგი: მთავარი პრობლემები, რომლებიც არჩევნების დღეს გვაქვს საარჩევნო პროცესში, ეს არის არა საარჩევნო უბნის შიგნით, არამედ უბნის გარეთ.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ამომრჩევლის ნების კონტროლზე, ამომრჩევლის ნების კონტროლი სწორედ გამოიხატება იმაში, რომ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბაზირებული სხვადასხვა ჯგუფი, იქნება ეს პარტიული კოორდინატორები, იქნებიან ეს კრიმინალთან დაახოებული პირები, თუ სხვადასხვა ტიპის ავტორიტეტები, რომლებიც თავიანთი იქ ყოფნით და აღრიცხვით ქმნიან ზეწოლის სივრცეს, ზეწოლის განცდას ამომრჩევლისთვის, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება ამომრჩევლის ნებაზე”, – განაცხადა მენაბდემ.
მისი თქმით, აუცილებელია არსებულ კანონპროექტში შემოთავაზებული შეზღუდვები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, უფრო მკაცრი იყოს.
„ჩვენი შემოთავაზება არის, რომ უფრო წინ წავიწიდეთ იმ რეგულირებასთან შედარებით, რაც შემოთავაზებულია კანონპროექტში. აქ ლაპარაკი არის ფიზიკურ შეფერხებაზე და 25 მეტრზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერიმეტრი უნდა გაიზარდოს და იქ არავის, უფლებამოსილი პირის და ამომრჩევლის გარდა, არ უნდა ჰქონდეს ყოფნის უფლება.
ეს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ამომრჩევლები უფრო თავისუფლად, ყოველგვარი ზეწოლის და დაკვირვების და თვალთვალის განცდის გარეშე გააკეთებენ საკუთარ არჩევანს”, – განაცხადა მენაბდემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის პერიმეტრზე დგომის სრულად აკრძალვა აღსრულების ნაწილში უაღრესად პრობლემური იქნებოდა.
„ჩვენ გავწერეთ რეგულაცია, რომლითაც ფიზიკურად შეფერხება იზღუდება და ამ შეფერხებაში იგულისხმება ნებისმიერი ტიპის შეფერხება, მაგალითად, როდესაც ერთი ამომრჩეველი მეორეს აჩერებს და ეკითხება, თუ ვის აძლევს ხმას.
რაც შეეხება ამაზე შორს წასვლას, მაგალითად 25 მეტრის რადიუსში დგომის სრულად აკრძალვას, ეს თავისი არსით არის პრობლემური აღსრულების ნაწილში. წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი რეგულაცია გაიწერა საარჩევნო კოდექსში, ასეთ შემთხვევაში დგება აღსრულების საკითხი.
3 700 უბანია საქართველოში და პატრულის ეკიპაჟების მობილიზება, რომელიც შეიძლება არჩევნების დღეს არის მაქსიმუმ 1 000. 1 000-მა ეკიპაჟმა უნდა აკონტროლოს 3 700 უბანი, რაც არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს 12-საათიანი ხმის მიცემის ციკლი”, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით იკრძალება კენჭისყრის შენობაში, თუ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ისევე როგორც იმავე პერიმეტრზე სააგიტაციო მასალის განთავსება.
კანონპროექტის ინიციატორები არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი არიან.