ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნები - ადამიანის უფლებათა ცენტრი დარღვევებზე

პუბლიკა

11:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 5 საჩივარი და 10-ზე მეტი შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაზარლოს N40 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: კენჭისყრის შენობაში, შესასვლელთან ახლოს, მაგიდასთან ისხდნენ პირები სიებით. ერთ-ერთს ჰქონდა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი და წარმოადგენდა ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“. ისინი აჩერებდნენ კენჭისყრის შენობაში შემოსულ ამომრჩევლებს და იწერდნენ მათ სახელს და გვარს.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი მოქმედებები შეიცავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნებს.

„საარჩევნო კოდექსში 2020 წლის ივლისში შესული ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შენობასა და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 მეტრის რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი). ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მოთხოვნით, N40 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირებს მიუთითა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ინფორმაციით, საჩივრების ნაწილი შემდეგ საკითხებს შეეხებოდა:

  • ბოლნისის # 14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რის შესახებაც დაიწერა საჩივარი.
  • წყალტუბოს #22.58.02 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2 კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტინები. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან:  1. კახეთში – საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში – გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლის რეგიონში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.