ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია | ISFED-ის ანგარიში

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის II შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

◼ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის:

  • საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ – 4;
  • „ლელო საქართველოსთვის” მიერ – 1;
  •  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ – 2 შემთხვევა;
  • თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ – 1;

◼ სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში;

◼ სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5 ფაქტი;

◼ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2;

◼ სოციალური დამხარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2;

◼ „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1;

◼ პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1;

◼ ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1;

◼ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი.

ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები

ISFED წერს, რომ ამორჩევლეთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები კვლავ გამოწვევაა და საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ 8 შემთხვევას შორისაა ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად შესაბამის ოლქში.

ორგანიზაციის კვლევით, ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების „ლელო საქართველოსთვის” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს, კერძოდ: „ლელო საქართველოსთვის” სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს დაეხმარა, ხოლო – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება

ანგარიშში ასახულია სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები ხუთ მუნიციპალიტეტში. ISFED აღნიშნავს, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, ორგანიზაციის ვარაუდით, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები ოთხ მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა

სავარაუდოდ, მსგავსი ფაქტი დააფიქსირა ორგანიზაციამ მარნეულში. „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გაავრცელა. აგრეთვე, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებთან, აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა“, – წერს ორგანიზაცია;

ასევე, ორგანიზაცია იმოწმებს კიდევ ერთ ამბავს: კასპში, სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელდა ზეწოლა, „ჰაიდელბერგცემენტის’’ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად აისახებოდა.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

სავარაუდოდ, მსგავსი ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. მათ შორის, ორგანიზაცია აღნიშნავს 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრებას „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ.

სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია

ორგანიზაციის ვარაუდით, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაფიქსირდა ხელვაჩაურსა და ხაშურში. „ხაშურში, ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება“, – წერს ISFED.

დამკვირვებლებზე ზეწოლა

ორგანიზაციის ცნობით, საგარეჯოში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, „მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს”.


ამავე ანგარიშში ISFED პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებს რეკომენდაციებსაც აძლევს;

ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს

  • პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
  • მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა;
  • ქველმოქმედების განხორციელებისას, პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
  • პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
  • პროკურატურამ სათანადო, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, მარნეულში, ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები ფაქტის პოლიტიკური სარჩულის შესახებ;
  • ხელისუფლებამ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არ განახორციელოს აქტივისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციურად განწობილ მოქალაქეებზე ზეწოლა/მუქარა ან/და მათ მიმართ დისკრიმინაცია, არ დაუშვას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება;
  • ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს

  • სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და გამორიცხონ ამ პროცესში მოქალაქეთა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ან/და პარტიული კუთვნილების საფუძველზე;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელონ ნეიტრალიტეტის პრინციპით, დაუშვებელია სოფლებში მერის წარმომადგენელთა პარტიული საარჩევნო მიზნით გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო გადაადგილებები.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს 1 ივნისიდან ახორციელებს. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და ევროკავშირის მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში მოიცავს 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენას, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.