ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა - ISFED წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედური ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე – მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო „მოძრაობა მომავლისთვის – მომოს“ მიერ 3 შემთხვევა, სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელზე ზეწოლის 1, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.

გთავაზობთ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ანგარიშში შესულ შემთხვევებს:

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ფატი ხალვაში – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი

1, 6 და 15 ივნისს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ფატი ხალვაში, ამომრჩევლებისთვის სოციალური დახმარებების გადაცემაში ჩაერთო და, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, სოციალურად მოწყვლად ოჯახებს სასურსათო პაკეტები დაურიგა. ფატი ხალვაშის ბიუროს წარმომადგენელმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, განაცხადა, რომ დეპუტატმა 70 სასურსათო კალათა თავისი სახსრებით შეიძინა და 1 ივნისს, დაბა ჩაქვის, გორგაძეებისა და ხალის ტერიტორიაზე, მოქალაქეებს დაურიგა.

მუხრან ვახტანგაძე – ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი

9 ივნისს, ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ, სპორტსმენებთან ერთად, საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს სასურსათო კალათები დაურიგა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბარში, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს იყო სარაგბო კლუბის წევრების მიერ ინიცირებული, მათივე სახელფასო დანაზოგით შეძენილი სასურსათო კალათები, რაშიც მუხრან ვახტანგაძეს, ფინანსურად, მონაწილეობა არ მიუღია. ის სასურსათო კალათების დარიგების პროცესში ჩაერთო, როგორც ყოფილი სპორტსმენი.

გოჩა ენუქიძე – ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი

მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე, სისტემატურად აწყობს საქვემოქმედო ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს მოსახლეობას. სოციალური პროექტების შესახებ ინფორმაცია ინტენსიურად ვრცელდება დეპუტატის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდის მეშვეობით, ისევე როგორც, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდებით. ხშირად, მაჟორიტარი დეპუტატი, უშუალოდ არის ჩართული საქველმქომედო აქციებში. ასევე, მისი ბიუროს თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ სოციალურ პროექტებში, ხვდებიან მოქალაქეებს და გადასცემენ სხვადასხვა საჩუქარს და დახმარებას.

კახა ოქრიაშვილი – დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი

კახა ოქრიაშვილმა პირადი სახსრებით შეიძინა ნახევარი მილიონის სასურსათო პროდუქტი 16 000 ოჯახის დასახმარებლად, რომლებიც მისი მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მოსახლეობას პროდუქტები შეფუთვებად დაურიგდა, რასაც თან ახლდა წარწერა – „საკვები პროდუქტების ნაკრები, თქვენთან ერთად, კახა ოქრიაშვილი, ჰუმანიტარული დახმარება“. შესაბამისი განცხადება დეპუტატის პრეს-სამსახურმა მედიითაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, კახა ოქრიაშვილმა აუქციონის წესით, პირადი სახსრებით, ჯამში, 32 000 ლიტრი ზეთი, 48 000 კგ მაკარონი, 32 000 კგ ბრიჯი, 32 000 კგ წიწიბურა და 32 000 კგ შაქარი შეიძინა. განცხადების მიხედვით, შესაბამისად, პირველადი საჭიროების საკვები პროდუქტებით დაკომპლექტებული კალათა 16 000 ოჯახზე თანაბრად განაწილებისთვის იყო განკუთვნილი, ხოლო თითოეული ოჯახი ორ ლიტრ ზეთს, 3 კგ მაკარონს და 2-2 კგ ბრინჯს, წიწიბურასა და შაქარს მიიღებდა. „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მაჟორიტარული ოლქის მცხოვრებლებმა საკვები პროდუქტები ნამდვილად მიიღეს, შესაბამისი გზავნილით კახა ოქრიაშვილისგან. 6 საგულისხმოა, რომ კახა ოქრიაშვილს საჯაროდ აქვს გაცხადებული მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ამავე ოლქში, მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ.

გოდერძი ჩანქსელიანი – თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი

თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, აპრილსა და მაისში, საკუთარი ფინანსური სახსრებით, უზრუნველყო მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელისა და პედაგოგისთვის 900-ზე მეტი სასურსათო ამანათის გადაცემა. ამანათების გადაცემის პროცესს სააღმზრდელო დაწესებულებებში, დეპუტატი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითაც გაშუქდა. გოდერძი ჩანქსელიანის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე იძებნება თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საჯარო მადლობა და აღნიშნულია, რომ დეპუტატმა ღონისძიება საკუთარი სახსრებით დააფინანსა.

გენადი მარგველაშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი

ივნისში, ქუთაისში, შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებს გადასცეს მედიკამენტები, რომლებსაც ისინი ყველაზე აქტიურად მოიხმარდნენ. წამლების გარდა, პაციენტებს გადაეცათ ბარათი, სადაც მედიკამენტების ჩამონათვალთან ერთად, მითითებული იყო წარწერა „მპგ „ქართული ოცნება“ და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი გისურვებთ ჯანმრთელობას!“

გოგი მეშველიანი – ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის გამო იზოლირებულ ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში, მოსახლეობისთვის დახმარების დარიგების პროცესში, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩართული იყო მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი. სოციალური დახმარებების გაცემაში მისი მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც იყო გამოქვეყნებული.

სავალან მირზოევი – გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი

გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სავალან მირზოევმა 21 მაისს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მან, პირადი სახსრებითა და მეგობრების დახმარებით, სოციალურად დაუცველთათვის, მათთვის, ვისაც უჭირს, მაგრამ სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს, შშმ პირებისთვის, პენსიონერებისთვის შეიძინა პროდუქტების 1500-ზე მეტი კალათა. მისი განცხადებით, პროდუქტების ძირითადი ნაწილი, 800 ცალზე მეტი კალათა, დაურიგეს მოქალქეებს. დეპუტატის თქმით, კორონავირუსის გამო, მარნეულში დაწესებული განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით, ის, ასევე, დაეხმარა ამ მუნიციპალიტეტს.

გიორგი თოთლაძე – ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი

15 მაისს, ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი თოთლაძემ, ბიზნესმენის თანადგომით, აფხაზეთიდან დევნილ 9 ოჯახს და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ, სოციალურად შეჭირვებულ 20 ოჯახს, საკვები პროდუქტები გადასცა.

კობა ლურსმანაშვილი – ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი

15 მაისს ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ბიუროს თანამშრომლებთან ერთად, შპს „ტალეგოს“ ფინანსური მხარდაჭერით, საკვები პროდუქტი დაურიგა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს. პრდოუქტების დარიგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია, ასევე, დეპუტატის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე.

კობა ნაკაიძე – ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი

31 მარტს და 26 მაისს, კობა ნაკაიძე ქალაქ ქობულეთის, სოფელ ხუცუბნის და გელაურის ტერიტორიაზე 50 სასურსათო კალათის დარიგებაში ჩაერთო. მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელმა „სამართლიანი არჩვნების“ წარმომადგენელს განუცხადა, რომ 40 კალათის შეძენა დაფინანსებული იყო აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო 10 კალათა კობა ნაკაიძემ პირადი სახსრებით შეიძინა.

ანზორ ბოლქვაძე – ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატი

მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში, აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების აქციაში, რომელიც ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივითა და სახსრებით იყო ორგანიზებული. დეპუტატი, ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში, აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა შუახევის მერის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც სურსათ-სანოვაგე გადასცეს ხანდაზმულებს, მძიმე ავადმყოფებს, შშმ პირებს, მარტოხელა და მრავალშვილიან ოჯახებს. შუახევის მუნიციპალიტეტის განცხადების თანახმად, 7 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრის ანზორ ბოლქვაძისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით, ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, ვანსა და ზემოხევში, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდიდან დეპუტატმაც გააზიარა, საჯარო პოსტის სახით.

ელგუჯა გოცირიძე – ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი

მარტში, დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ 100 000 ლარი გამოყო ტყიბულელთა დასახმარებლად. პროგრამის ფარგლებში (პანდემიის გამოცხადებიდან – მაისის ბოლომდე) ფულადი დახმარება 250 ოჯახმა მიიღო. მან ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს, შახტის ადმინისტრაციას (მეშახტეთა ჩართულობით) მიმართა თხოვნით, განესაზღვრათ დახმარების განაწილების კრიტერიუმები, რათა თანხის განკარგვის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. 8 თანხის ასაღებად ზოგიერთი მოქალაქე მაჟორიტარის ბიუროს ოფისში თვითონ მიდიოდა. მათ დახმარებას ბიუროს წევრები, თვითონ დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარე გადასცემდნენ. ასევე, ზოგიერთ მრავალშვილიან ოჯახში დახმარების გადასაცემად თავად დეპუტატი იყო მისული.

ნინო წილოსანი – ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი

ლანჩხუთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა დეპუტატ ნინო წილოსანის ფონდის მიერ მოსწავლეებისთვის მობილური ინტერნეტ- პაკეტების გადაცემა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან თითო, საერთო ჯამში, კი, 25 მოსწავლეს გაუხანგრძლივდა ულიმიტო ინტერნეტი. ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა, მაკა გოგიჩაიშვილმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან საუბრისას, დაადასტურა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შუამდგომლობით, „ფონდმა წილოსანმა“ – რომლის ხელმძღვანელიც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანია, აპრილისა და მაისის თვეში, ინტერნეტ- პაკეტის საფასური ჩოხატაურის საჯარო სკოლების 15 მოსწავლეს გადაუხადა.

თემურ ხუბულური – გორის მაჟორიტარი დეპუტატი

9 ივნისს, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურისა და ორგანიზაცია „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ომის ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს, კლინიკა „ვივა მედიში“, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღნიშნული ფაქტი მედია საშუალება „თრიალეთმა“ გააშუქა.

გიორგი ვოლსკი – ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი

4 ივლისს, დილის 10 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „მკურნალში“, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავალის“ ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. შესაბამისი ინფორმაცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ჩაუტარდებათ უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები.

„მოძრაობა მომავლისთვის“ და პარტია „ლელო“

გორი

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს. ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს – ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი – თეონა დოლენჯაშვილია. მაგალითად, 15 მაისს, „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში, ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია. დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში, „მომოს“ დამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები: პოლიტიკური საბჭოს წევრი – კახა კოჟორიძე, გორის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე – პაპუნა კობერიძე და რეგიონული ოფისის წევრი – სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს.

თელავი

17 ივნისს, „ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მცხოვრებ ოჯახს მატერიალური დახმარება გაუწიეს, გადასცეს საჭირო პროდუქტები და მედიკამენტები. აქციის მონაწილეები გამოწყობილი იყვნენ „ლელო საქართველოსთვის“ საიმიჯო ყვითელი ფერის სამოსში, მათივე ლოგოს გამოსახულებით.

12 გალელი სტუდენტის დაფინანსება

3 ივლისს, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მოძრაობა მომავლისთვის – მომომ“ 12 გალელ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. შესაბამისი ინფორმაცია, გამოცემა ინტერპრესნიუსის ბმულით, მოძრაობის ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზეც გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტი მამუკა ხაზარაძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „მოძრაობა მომავლისთვის“ უკვე ათეულობით ოჯახს დაეხმარა.