დღეიდან, 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც ოქროს ზოდების საქართველოში შემოტანაზე დღგ-ის (დამატებითი ღირებულების) გადასახადი მოიხსნა. დღგ საქართველოში 18%-ია.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 12 ნოემბერს დაამტკიცა, ხოლო „ოცნების“ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი 14 ნოემბერს მოაწერა.
ცვლილებების ავტორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, რა თავისუფლდება დღგ-ის გადასახადისგან, დაემატა უ1 ქვეპუნქტი – საინვესტიციო ოქროს იმპორტი.
ამავე კანონში შეტანილი ცვლილებებით დადგინდა, რა არის საინვესტიციო ოქრო: „არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია:
„საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის გათავისუფლებას დღგ-ისგან, რაც აუარესებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ამ სეგმენტში და ქმნის ბარიერს საქართველოში საინვესტიციო ოქროს ბაზრის ჩამოყალიბებისთვის.
საინვესტიციო ოქროს დღგ-ით დაბეგვრის არსებული რეჟიმი ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს“.
16 დეკემბერს ეკონომისტმა გოგი ხიშტოვანმა BMG-სთან თქვა, რომ აღნიშნული კანონი ე.წ ოფშორის კანონის მსგავსია, ხოლო „გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ კანონი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდებოდეს“.
„ვის შეიძლება ჰქონდეს დღეს საქართველოში, ის რესურსი, რომ ასეთი საინვესტიციო ოქროში ჩადოს ფული და ამაში უშლიდეს ხელს მას დღგ?“. – ამბობდა ეკონომისტი.
„ოფშორის კანონი“ ძალაში 2024 წლის 4 ივნისს შევიდა.
პარლამენტის მიღებული კანონის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან. ეკონომისტები და კორუფციის მკვლევრები ამ კანონსაც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებენ.