ამორალური და არაადამიანური კამპანია წამოიწყეს ჩემ წინააღმდეგ - კვარაცხელია

პუბლიკა

ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.  ირაკლი კვარაცხელია პირველი იყო, ვინც მძარცველის დავალებით მედიას დაუკავშირდა და მისი მოთხოვნები გაახმაურა.

„თავიდან ის ძალიან აგრესიული იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, მძევლად ვინც იყო, ყველამ მოახერხა და  ეს ადამიანი კომუნიკაბელური გახდა. ვინც წაიყვანა, იმ ბიჭებიდან ორმა თვითონ გამოთქვა სურვილი. მესამე თვითონ დაასახელა მძარცველმა. ნიღბის გარეშე არ ყოფილა არც ერთი წამი. ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება, მივამსგავსო გამტაცებლის ხმას. სამართალდამცავ უწყებებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სხვა მძევლის დახმარებით. მძევალს სთხოვდა, დაერეკა სადღაც და  მას ჰქონდა ხმამაღალზე ჩართული ტელეფონი. უსმენდა და ეუბნებოდა, რა ეპასუხა. რამდენიმე შემთხვევაში თვითონ ჩაერთო საუბარში. მე, ძირითადად, დავალებული მქონდა მედიასთან დარეკვა და კონკრეტული წინადადებით გამოსვლა მათთან [რასაც მავალებდა]“. – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

მან ამორალური უწოდა მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

„სრულიდ კატასტროფული, ამორალური და არაადამიანური კამპანია წამოიწყეს გარკვეულმა ჯგუფებმა. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარმდაჭერი. დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, უკეთესად მართოს ეს ქვეყანა. და რა მოხდა მერე  ამით? ბანკში ვერ უნდა მივიდე? ქუჩაში ვერ უნდა გამოვიდე? გაუგონარია ეს“. – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

„მე 1%-ს და 10%-ს იმასაც ვუშვებ, რომ ეს დამთხვევა იყო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თავდასხმის დროს მძევალ ირაკლი კვარაცხელიას „საქართველოს ბანკში“ ყოფნაზე.

„დავარქვათ ამას დამთხვევა. ეს დამთხვევა მართალია თუ არა, ეს მერე ვარჩიოთ, მომდევნო დღეებში. ყოველ შემთხვევაში, ასე აღმოჩნდა, რომ ზუგდიდში ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიური მთელი თავისი არსით, მოქმედებებით, პოსტებით, გვარამიას ოჯახის წევრებთან აღმოჩნდა ახლობლური კავშირით, მერიაში მუშაობდა მაშინ, როდესაც უგულავა იყო მისი ხელმძღვანელი. ეს შემთხვევითი იყო თუ არა, დღეს ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ამიტომ ამას დღეს დავანებოთ თავი. ეს ფაქტი შედგა, რატომ იყო, დამთხვევა იყო თუ არა, ხვალ და ზეგ ეს ამბავი გაირკვევა”, — განაცხადა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში.

21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა. მძარცველს რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. ოფიციალური ცნობით, სამართალდამცველებმა მძარცველს მოთხოვნილი თანხა გადასცეს. უკანასკნელი ცნობით, ყველა მძევალი თავისუფალია, დამნაშავის დაკავების მიზნით კი, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.