ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს, რაც ნიკა მელიას დაკავებას შეიძლება, რომ მოჰყვეს. ის მომხდარს „სიბრიყვის, უსინდისობისა და ანტისახელმწიფოებრიობის ველურ ნაზავს“ უწოდებს:
„ა)პოლარიზაციამ მიაღწია უკიდურეს ნიშნულს. ყოველგვარი დიალოგის და პოლიტიკური შეთანხმების რესურსი ამოწურულია. ახლა ან ხელისუფლებას მოტყდება რქები და ჩამოიშლება, ან გაფორმდება აშკარა და დაუფარავი ავტორიტარიზმი. უფრო რეალური მეორე ვარიანტია.
ბ) საქართველოს იმიჯს მიადგა უდიდესი ზიანი, რაც არაა მხოლოდ იმიჯის ამბავი. ქვეყანა იღებს ძალიან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას დასავლეთიდან და ახლა უნდა ველოდოთ სანქციებს, რაც გამოიწვევს სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას და თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს. ევროკავშირის წევრობზე განაცხადი კი არა, სადაც ვართ იქიდან თუ არ გამოგვაგდეს ცოტა ხანში, კიდევ მადლობა ვთქვათ.
გ) ერთადერთი ქვეყანა, ვინც ყველაფერ ამით იხეირებს, არის რუსეთი, რამდენადაც ევროპისგან და დასავლეთისგან დაშორება ავტომატურად იწვევს რუსულ პოლიტიკურ ორბიტასთან დაახლოებას და რუსული გავლენების ზრდას. შესაბამისად გაიზრდება ყველა ჯურის პრორუსის, ფაშისტის, ქსენოფობის და რეტროგრადის კუთრი წონა როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე“, – წერს Facebook-ზე ზურაბიშვილი
ის აღნიშნავს, რომ სიტუციიდან გამოსავლის შანსი შეიძლება იყოს დასავლეთის გაძლიერებული ზეწოლა პირადად ბიძინა ივანიშვილზე. მე ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს ყველაფერი სწორედ ივანიშვილის პირდაპირი და უშუალო ბრძანებით ხდება და ის არსად არ წასულა. მისივე თქმით, ეს ამბავი არც ხელისუფლებისთვის დამთავრდება კარგად, მაგრამ მანამდე საკმაოდ მძიმე დღეები გველის, შეიძლება მას შემდეგაც.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.