„მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე რიონის ხეობის და ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ადგილობრივ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კითხვები ნამახვანჰესის პროექტთან მიმართებაში, ძალოვანი სტრუქტურებითა და პოლიციის საშუალებით არ უნდა ელაპარაკოს. მისი თქმით, ხელისუფლებამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.
„ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, აქვს ექსკლუზიური უფლება ძალადობის, ასეა ხელისუფლების ბუნება, ძალოვანი სტრუქტურები იმისთვის ჰყავს, რომ ზოგჯერ ლეგიტიმურად, ზოგჯერ კანონის მიღმა ძალადობს ხოლმე და მარტო მას აქვს უფლება. მაგრამ ხელისუფლებას ზოგადად აქვს გაცილებით უფრო ძლიერი ინსტრუმენტი, ეს არის დარწმუნება. საკუთარი მოქალაქეების დარწმუნება არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. მაშინ ხარ ძლიერი ხელისუფლება, როდესაც სპეცრაზმით და პოლიციელებით კი არ ელაპარაკები საკუთარ მოქალაქეებს, გულწრფელად აღშფოთებულ მოქალაქეებს, არამედ არწმუნებ, პირისპირ ესაუბრები და არწმუნებ. აქ ორი ვარიანტია, ან ხელისუფლება ვერ ახერხებს ლემენტარულ კითხვებზე პასუხის გაცემას და საკუთარი მოქალაქეების დარწმუნებას, ან ეს პროექტი არის უვარგისი და საფრთხისშემცველი“, – განახცადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტში ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. მან მოუწოდა უმრავლესობას, რომ პარლამენტში მოიწვიონ ეს ადამიანები და დაისვას ის კითხვები, რაც მათ აწუხებთ. მისი თქმით, თუ ხალხის კითხვებზე პროექტთან მიმართებაში პასუხები არ არსებობს, მაშინ ეს პროექტი უნდა გაჩერდეს.
„პარლამენტი იმისთვის არსებობს, ამდენ ხარჯს იმიტომ სწევს ქართველი ხალხი, რომ პარლამენტში ხალხის პრობლემა ხალხის დარდი და ხალხის ხმა უნდა ისმოდეს. ამდენად მოგიწოდებთ ყველას, „ქართულ ოცნებას“ დავუძახოთ ამ ხალხს და მოვუსმინოთ, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ადამიანებს აქვთ კითხვები და მოვისმინოთ. თუ ამ კითხვებზე პასუხი არის, კი ბატონო. მაგრამ თუ ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს, ეს პროექტი უნდა გაჩერდეს. აი, ეს არის ჩემი თქვენდამი მოწოდება“, – განაცხადა მან.
ადგილობრივი მოსახლეობა 128-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.
მათი მოთხოვნებია:
„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს;
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.
სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.