ან მტკივნეული მოსასმენია, ან პასუხი არ აქვთ - ღვინერია რუსეთთან დაკავშირებულ შეკითხვაზე

პუბლიკა

„ან იციან, რომ ამ კითხვაზე პასუხი არის ძალიან მტკივნეული მოსასმენი და ერიდებიან საჯაროდ ამაზე საუბარს, ან საერთოდ არ უფიქრიათ და არ აქვთ პასუხი ამ კითხვაზე. ორივე ერთმანეთზე უარესია“, – ასე აფასებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი შოთა ღვინერია ირაკლი ღარიბაშვილის რეაქციას მის შეკითხვაზე.

შოთა ღვინერიამ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე რუსეთთან ურთიერთობის შესახებ დაუსვა შეკითხვა.

„კრიმინალური და ტერორისტული ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, თქვენ დააჩქარეთ რუსეთთან ურთიერთობები და გაზარდეთ კავშირები. გააზრებული გაქვთ თუ არა შედეგები, თუ რუსეთი დამარცხდება, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე?“ – ჰკითხა ღვინერიამ პრემიერს.

ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვას პროვოკაციული უწოდა და თქვა, რომ კითხვის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელია.

შოთა ღვინერიას თქმით, პრემიერის ასეთი რეაქცია დისკუსიაზე დამსწრე აუდიტორიამ „ძალიან ცუდად აღიქვა“.

„ფაქტი, რომ პრემიერმა ვერ შეძლო ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ცუდად გამოჩნდა და მისი პერსონალური თავდასხმა ჩემზე ძალიან ცუდად აღიქვა იქ დამსწრე საზოგადოებამ“, – თქვა ღვინერიამ „TV პირველის“ ეთერში.


შოთა ღვინერიამ ტელეკომპანიასთან საუბარში უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზზე ღარიბაშვილის პოზიციაც შეაფასა. მისი თქმით, პრემიერის განცადება მიანიშნებს, რომ NATO-ზე აღარ ისაუბრებენ.

„მათთვის NATO, რომელიც არის გამაღიზიანებელი რუსეთისთვის, არის ის საკითხი, რომელზეც აღარ ისუაბრებენ, რომ არ გამოიწვიონ რუსეთის გაღიზიანება…

პრემიერ-მინისტრის დღევანდელმა გზავნილებმა მკაფიოდ დაადასტურა ის, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო რომ არ უნდა იყოს დღის წესრიგის წამყვანი საკითხი, ეს არის ჩვენი ხელისუფლების არჩევანი“, – თქვა შოთა ღვინერიამ.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი იყო, გამხადარიყო ალიანსის წევრი. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.