ან პარლამენტმა გადააყენოს პრემიერი, ან ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი - ბოკერია

პუბლიკა

„ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი და ვითარება უნდა იყოს მკაფიო ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისათვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი პარტნიორებისათვის“, – ამის შესახებ პარლამენტის მიმდებარედ გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიას განცხადებას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„მინდა მოვუწოდო ჩვენ პარტნიორებს, რომელთანაც ადრეც გვქონია უთანხმოება, მაგრამ ეხლა ეს უნდა დავივიწყოთ, ეხლა, ერთადერთი რამ, რაც ამ შენობაში შეიძლება მოხდეს, არის ღარიბაშვილის გადაყენება, მიუხედავად იმისა, რომ ძირი ამ უბედურებისა არის ივანიშვილში და მის გარემოცვაში, მინიმუმ ეს მაინც უნდა მოხდეს ეხლა ამ პარლამენტში. თუ ეს არ ხდება, მაშინ ამ ვითარების შედარებით ნორმალიზაციის, რომ პარლამენტი ფუნქციონირებს, ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს არავინ, არცერთმა ძალამ, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა არის ძვირფასი. ეს უნდა გაირკვეს ძალიან სწრაფად.

ან ამ პარლამენტმა სწრაფად უნდა გადააყენოს ღარიბაშვილი, ან დემოკრატიულმა ოპოზიციამ უნდა დატოვოს ეს პარლამენტი და ვითარება უნდა იყოს მკაფიო ჩვენი ქვეყნის შიგნით ყველა მოქალაქისათვის და ქვეყნის გარეთ საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი პარტნიორისათვის.“ – განაცხადა ბოკერიამ.