„ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან“ - კუჭავა ევროპარლამენტარებზე

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებაში უზუსტობებია. მისი თქმით, ტექსტი ან მიკერძოებითაა შედგენილი, ან ავტორებს შეცდომა მოუვიდათ. კუჭავას თქმით, ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რომ ევროკავშირმა დაფინანსება არ შეუწყვიტოს ქვეყანას.

„მანდ არის ერთი ძალიან ისეთი უზუსტობა გაპარული – „ქართული ოცნება“ მზად იყო, ხელი მოეწერა. არ იყო ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა ხელი, ან ყველა აწერდა, ან არავინ, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს სიმართლეც გახდება მალე ყველასთვის ცნობილი და კიდევ მეორე უზუსტობა – დანიელსონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც მიუთითებენ, რომ დანიელსონის შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და  რიგგარეშე არჩევნებზე ვილაპარაკოთო, უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოება“, – განაცხადა კუჭავამ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიკერძოებულები არიან თუ არა ევროპარლამენტარები, კუჭავა პასუხობს: „როგორც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ, ან მიკერძოებულები არიან“, – თქვა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა რისკის ქვეშ არ დგას და ხელისუფლება „სიტუაციას გამოასწორებს ისე, რომ ამ უზუსტობებს აღმოფხვრის.“

რაც შეეხება დახმარების შეწყვეტას, კუჭავა ამბობს, რომ „ამაზე იმუშავებენ და ეს არ მოხდება“.


1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.

7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.