ანა დოლიძე ამბობს, რომ მის მძღოლს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

„ჩემი გუნდის წევრებზე მორიგი თავდასხმა მოხდა. ამჯერად ჩემს მძღოლს გაუსწორდნენ ფიზიკურად“, – აცხადებს პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე.

ანა დოლიძე ამბობს, რომ გუშინ, საღამოს, ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა მის მძღოლს.

„ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან, დახვდა ჯგუფი, რომელიც აზიანებდა მანქანას. მას შემდეგ, რაც ბატონი ვალერი ჩაერია, მობრუნდნენ და აგრესია გადაიტანეს მასზე. მთელი ჯგუფი ურტყამდა.

ეს არის იმ დაუსჯელობის შედეგი, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ქუჩის „შპანებს“ ხელისუფლების მხრიდან ანთებული აქვთ მწვანე, რომ შემდეგ მათი ნებისმიერი, მათ შორის, პოლიტიკური დავალება შეასრულონ“, – ამბობს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, მძღოლს დაზიანებები აქვს თავისა და მუცლის არეში, დაწყებულია გამოძიება. ანა დოლიძის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გუნდის წევრს თავს ესხმიან, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთ შემთხვევაში არ დამდგარა.