ანა დოლიძემ 50-მდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა

პუბლიკა

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ანა დოლიძემ და მოძრაობამ „ხალხისთვის“ დიდუბისა და ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში 50-მდე შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა.

როგორც ანა დოლიძე აცხადებს, ოქმებში მასიურად დაფიქსირდა ცდომილება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობასა და მიცემულ და ბათილად ცნობილ რაოდენობას შორის, როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ოქმებში. ასევე მისივე თქმით, ბევრ ოქმში საწერი კალმით არის გადაკეთებული რიცხვები, ხარვეზიან შემაჯამებელ ოქმებს უმეტეს შემთხვევაში არ ახლდა ახსნა-განმარტებები და ჩასწორების ოქმები.

„არჩევნების დღიდან ვაცხადებდი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ჩვენს მიერ გადამოწმებული და გასაჩივრებული ოქმები სწორედ ამის დასტურია. ყველაფერ იმაზე, რაც ხდებოდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე და რაც მოხდა ბიულეტენებში, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ცესკოს. თუ არ მოხდება ამ არჩევნების სწორი შეფასება და გაანალიზება, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარება კიდევ დიდი ხნით შეფერხდება. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებ თითოეული ხმის და სამართლიანობის დასაცავად. საზოგადოების დაკვეთაა, ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, რომელსაც მეც ვუერთდები“ , – აცხადებს ანა დოლიძე.

ანა დოლიძის განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 1561 განცხადება-საჩივარია შესული.