პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება იმ ჯგუფისთვის, რომელიც დეოლიგარქიზაციის საკითხზე იმუშავებს.
ანა დოლიძის განცხადებით, წინადადების მთავარი მიზანი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილისთვის იმ ბერკეტების შეზღუდვას, რომლითაც ის მართავს სახელმწიფოს. მისი თქმით, „ქართუ ბანკში“ და ივანიშვილის ბიზნესში მომუშავე ყოფილ ან ახლანდელ თანამშრომლებს არ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება.
„ჩვენ ვეძახით „დექართუიზაციას“ იმ მოვლენას, როდესაც ასეთ ადამიანებს ავუკრძალავთ მაღალ თანამდებობებზე მუშაობას გარკვეული პერიოდით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური გავლენა რაღაც პერიოდის განმავლობაში აღარ იქნება“, – აღნიშნა დოლიძემ.
ანა დოლიძის თქმით, ის მზად არის ეს წინადადება განიხილოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან.