ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენაზე სარკე მიიტანა

პუბლიკა

„ლელოს“ წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სარკე მიიტანა და გასაუბრებაზე მისულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძესა და უმრავლესობის დეპუტატებს სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის დანახვისკენ მოუწოდა. მან სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ ის პროტესტის ნიშნად არ დაესწრება შემდეგი კანდიდატის გასაუბრებას, რადგან, მისი თქმით, პროცესი არის ყალბი და თეატრალიზებული.

„აქ ვითომ კითხვები ისმევა, რა უნდა შეაფასოს აქ ადამიანმა 3 საათში? ერთი მოსამართლის ფაილი არის ძალიან დიდი. 3 სამუშაო დღეში თქვენ, ბატონო გენადი, ამხელა საქმეს განიხილავთ?

ეს არის თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელშიც თქვენ მონაწილეობთ, ამიტომ მე თქვენ ნდობას ვერ გამოგიძახებთ, როგორც მსაჯულს, იმიტომ, რომ სიყალბეში მონაწილეობა თქვენ დისკომფორტს არ გიქმნით“, – განაცხადა მან.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, მას ბევრი კითხვა ექნებოდა მოსამართლეობის კანდიდატთან, თუმცა, ის არ აპირებს ამ კითხვების დასმას, რადგან წლების განმავლობაში მოსამართლეობის კანდიდატი მიმდინარე პროცესებთან მიმართებით ინარჩუნებდა სიჩუმეს და ეს დუმილი არის მის კითხვებზე პასუხი.

„მე კითხვები არა მაქვს, მე მაქვს ცხადი გეგმა და ხედვა რეფორმის, რომელიც აუცილებლად განხორციელდება და ასეთი პროცესებისა და ყალბი სპექტაკლების ადგილი იქ არ იქნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია ნინო სანდოძე, რომელიც 2012 წლამდეც მოსამართლე იყო და არცერთი გამამართლებელი განაჩენი მას არ აქვს. მისი თქმით, კობახიძეს ამაზე შეუძლია თქვას, რომ 2012 წლამდე სანდოძე მიკერძოებული იყო და ახლა გამოსწორდა.

„ქვეყანაში ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს, რომელსაც გამომძიებელი და მომკითხავი არავინ ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ადამიანს გული გაუსკდა და გუშინ ამის ჩანაწერები გამოქვეყნდა. ეს იმის გამო ხდება, რომ თქვენ, თქვენი გაგებით პატიოსნად მოსამართლეობთ, ხოლო სინამდვილეში ძალიან დიდ სიყალბეში მონაწილეობთ, რაც აუცილებლად გასკდება და მსხვერპლად მოჰყვებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.