„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ სამეგრელოში მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს.
„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც იცის, რომ ტოტალურად წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში, სამეგრელოსა და მთელ საქართველოში, დაიწყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან.
დავასახელებ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ზუგდიდში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში, ესენი არიან: ოთარ კოდუა, „ქართული ოცნების“ დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელსაც ჩაბარებული აქვს ზუგდიდის მთელი დაბალი ზონა და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მუშაობს;
თაზო ფაცაცია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს წევრია;
ზაალ და პეტრე გეგეჭკორები;
აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც დავალებული აქვთ პირადობების ჩამორთმევა – ზაზა გოგუა და თემურ ბოკუჩავა, რომლებსაც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის დავალება აქვთ მიღებული“, – განაცხადა წითლიძემ.