ანაკლიაში უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია შეასრულებს - კობახიძე

პუბლიკა

„შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს“ – ანაკლიის პორტის ნავსადგურის მშენებლობის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„საერთაშორისო ტენდერები დასრულდა. შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის ანაკლიის პორტის განვითარება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის, შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებით გამოსაკვეთად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა.

კერძოდ, კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.

„კომპანია „იან დე ნული“ სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

1938 წელს დაფუძნებული კომპანიის ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია Jan De Nul აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.