ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულებას შეუწყვეტენ. ცქიტიშვილის აზრით, კონსორციუმისთვის ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გაწერილი პროცედურები დაიწყება.
„მიუხედავად 2 წელიწადზე მეტში მრავალჯერ გადავადებისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა დღეისთვის ვერ შეძლო კერძო ინვესტიციის მოზიდვა, 120 მილიონი დოლარის ოდენობით საკუთარი კაპიტალის შევსება, 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხის მოძიება. ასევე, ვერ შეასრულა პორტის კომერციულ ოპერატორსა და მშენებელ ორგანიზაციასთან მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება, ვერ წარმოადგინა წინასამშენებლო გარანტია $20 მილიონისა და ასევე სამშენებლო გარანტია $40 მილიონის ოდენობით.
აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კონსორციუმს არ ჰყავს წარმოდგენილი ინვესტორი და პროექტის შესრულების რეალური გეგმა, საქართველოს მთავრობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შემდგომ გადავადებას არ ექნება დადებითი შედეგი პროექტის განხორციელებისთვის, ვინაიდან ამ ხნის განმავლობაში კონსორციუმმა დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას. ამიტომ, მთავრობამ დაიწყო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურები“, – თქვა მაია ცქიტიშვლმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პირგასამტეხლოს გადახდაც მოუწევს, რადგან სახელმწიფომ 10 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის პირგასამტეხლო უკვე აპატია და კონსორციუმმა ახლა ყველა ხარჯი უნდა დაფაროს და მისთვის გადაცემული მიწა დააბრუნოს.
ცქიტიშვილის თქმით, მთავრობა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამართლებრივი დავის საფუძველი, თუმცა კონსორციუმს აქვს ამის უფლება და ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ხელისუფლება ჩაერთვება სამართლებრივ დავაშიც.