ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უცხოელი დიპლომატების შუამავლობით დღეს მორიგი შეხვედრა გამართეს. რამდენიმე საათიანი საუბრის მიუხედავად, საარჩევნო სისტემის მოდელზე მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, მათთვის მიუღებელია ოპოზიციის შეთავაზებული მრავალმანდატიანი სისტემაც.
„ჩვენ მოვიტანეთ ჩვენი არგუმენტები, ანალიზი გავაკეთეთ და აღმოჩნდა, რომ ის მოდელი, რომელზეც იყო საუბარი, არის მხოლოდ ავღანეთსა და ერაყში. ალბათ იმ ქვეყნებში ეს მოდელი შეძლებისდაგვარად მუშაობს, მაგრამ ვთქვით, რომ ეს მოდელი ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები ვერ იქნება.
ძალიან მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიცია ითხოვს ამ მოდელის ფარგლებში იმას, რომ მესტიიდან ხარაგაულამდე იყოს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი, ანუ მაჟორიტარი, რომ დედოფლისწყაროდან ყაზბეგამდე მცხოვრებ ადამიანებს ჰყავდეთ ერთი მაჟორიტარი, რომ გლდანს, ნაძალადევს და დიდუბეს ჰყავდეს ერთი მაჟორიტარი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს წარმომადგენლობის პრინციპი არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, რომ ეს მოდელი არსებობს მხოლოდ ერაყსა და ავღანეთში“, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა.
შეხვედრის მონაწილეთა ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა მხოლოდ იმაზე, რომ 20 დეკემბერს კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. ოპოზიციის განცხადებით, მომდევნო შეხვედრამდე დრო ხელისუფლებამ ითხოვა.
„ითხოვეს მეტი დრო, იმიტომ რომ არც პასუხები აქვთ და ვერც კითხვებზე ვერ პასუხობენ, გააზრებულიც არ აქვთ ეს მოდელი. ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, რწმენაც და რესურსებიც, რომ გავაგრძელოთ ეს პროტესტი. წავიდნენ ივანიშვილს ესაუბრონ და მოიტანონ პასუხები შემდეგ რაუნდზე. იქამდე კი მათი იზოლაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ გრძელდება“, – თქვა გიგა ბოკერიამ.