ანალიზია საჭირო, რომ ამან არ გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტი - გაბუნია კოვიდპასპორტზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანა კოვიდპასპორტის შემოღებაზე ექსპერტებთან ერთად მუშაობს. მისი თქმით, ამ რეგულაციის შემოღებას თან ახლავს გარკვეული რისკი. რისკებს შორის გაბუნია ასახელებს კოვიდპასპორტის გაყალბების საფრთხეს და არასასურველ გვერდით ეფექტს, უკმაყოფილების სახით.

„მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ პირი იყოს ან ვაქცინირებული, ჰქონდეს PCR-ის ცნობა, ან ვირუსი ჰქონდეს გადატანილი, დღესაც უკვე მთელ რიგ სივრცეებშია დაწესებული, მათ შორის, კონფერენციებზე, ტრენინგებზე, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისას.

რაც შეეხება მის [კოვიდპასპორტის] ფართოდ გამოყენებას, ამაზე მიდის მუშაობა ექსპერტებთან ერთად. ამ ნაწილს სჭირდება როგორც ტექნიკური დამუშავება, ასევე აღსრულების ნაწილის ძალიან საფუძვლიანი ანალიზი, რომ ამან არ გამოიწვიოს, გარკვეულწილად, არასასურველი გვერდითი ეფექტები, როგორც უკმაყოფილების სახით, ასევე შესაძლოა… ნუ, გაყალბების საფრთხე ყოველთვის არსებობს. სხვა ქვეყნებმა გამოიარეს ეს.

ამდენად, როდესაც ყველა ეს რისკი იქნება გადაზღვეული, ვიქნებით მზად, აქტიურად ვისაუბროთ ამ ტიპის რეგულაციაზე, რაც ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა“, – განაცხადა გაბუნიამ.