ანალოგიური პროცესი დასაქმების არა ერთ ადგილზეა გამოსავლენი - „შრომის პლატფორმა“ „რეტროზე“

პუბლიკა

„დაბალი ანაზღაურება, გამოსაცდელი ვადის გახანგრძლივება, ასევე, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა, ამ რესტორნის დასაქმებულთა თქმით, მათი ყოველდღიური სამუშაო პროცესი გახლდათ“, – „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ბათუმში რესტორან „რეტროში“ მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

ორგანიზაციის თქმით, სწორედ დასაქმებულის მხრიდან მისი შრომის პირობების გამო უკმაყოფილების გამოხატვას მოჰყვა დამსაქმებლის მიერ მასზე ფიზიკური ძალადობა.

ორგანიზაცია წერს, რომ კრიტიკული დარღვევების დროულად და პრევენციულად აღმოჩენის ჩავარდნის გამო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიტუაციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

მათივე თქმით, ანალოგიური პროცესი დასაქმების არა ერთ ადგილზეა გამოსავლენი.

შრომის პლატფორმა განცხადებაში ყურადღებას ასევე ამახვილებს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და პრევენციული ინსპექტირებების საჭიროებაზე საუბრობს.

„მომსახურების სფერო, ტრადიციულად ხასიათდება შრომის უფლებების უმწვავესი და განგრძობითი დარღვევებით. მოპარული ხელფასის გამომთვლელის მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხული სერვისის სფეროს დასაქმებულთა 91%-ზე მეტი აფიქსირებს დამსაქმებლის მხრიდან ხელფასის მოპარვის რომელიმე ფორმას, 74%-ზე მეტი აფიქსირებს აუნაზღაურებელ ზეგანაკვეთურ შრომას, 59%-ზე მეტი შვებულების გამოყენების შეუძლებლობას. შრომის პირობების სიმწვავე მომსახურების სფეროში, წლებია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების შეშფოთებას იწვევს.

იმისათვის, რომ სერვისის სფეროში დაფიქსირებულმა განგრძობითმა დარღვევებმა ძალადობრივი ხასიათი არ შეიძინოს, შრომის ინსპექციის მონიტორინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილის – პრევენციული ინსპექტირებების დროული და ხარისხიანი განხორციელება გადამწყვეტია“, – წერია განცხადებაში.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ მოუწოდებს:

შრომის ინსპექციას:

  • არ დაუშვას რესტორან “რეტროში” შრომის პროცესის აღდგენა, დარღვევების სრულ გამოსწორებამდე; ამის შემდგომაც, განაგრძოს დასაქმების ადგილის მონიტორინგი;
  • შეიმუშაოს სერვისის სექტორის დროული, სრულყოფილი და ეფექტური პრევენციული შემოწმებების სისტემა.
  • ტურისტული სეზონის გააქტიურების პარალელურად, უზრუნველყოს მომსახურების სექტორის მასშტაბური პრევენციული ინსპექტირება და საინფორმაციო კამპანია შრომითი უფლებების შესახებ;

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყონ ჩადენილი დანაშაულის სწრაფი და ეფექტური გამოძიება გარემოების გათვალისწინებით, შესაბამისი პასუხისმგებლობების დაკისრების უზრუნველსაყოფად.

4 ივნისს რესტორან „რეტროს“ ყოფილმა მენეჯერმა, მარია ზოიძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რესტორნის მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

5 ივნისს შრომის ინსპექციის სამსახურმა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო, „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად,  30 ათასი ლარით დააჯარიმა.

ძალადობის ბრალდებით დაკავებული „რეტროს” მფლობელი, თეიმურაზ ვარშანიძე, გუშინ, 6 ივნისს, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.