ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც POSTV-ის ხელმძღვანელი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა, ამბობს, რომ პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ. ამის შესახებ მან „ფორმულას” გადაცემა „ღამის კომენტარში” განაცხადა.
„პოლიციიდან დამიკავშირდნენ ორშაბათს, საღამოს საათებში, მას შემდეგ, რაც 2 დღით ადრე მიმართული მქონდა ელექტრონულად და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვაპელირებდი მათი მხრიდან უკონტაქტობაზე…
შევთანხმდით შეხვედრაზე, კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, შედგება უკვე ჩვენი შეხვედრა და მთხოვეს ამ ჩანაწერის სრულად მიწოდება, რაზეც მივაწოდე ინფორმაცია, რომ დიახ, ვფლობ ამა და ამ ჩანაწერს”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, მას ასევე დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატიდანაც.
„ასევე, დღის მეორე ნახევარში, რაც იოსელიანმა გაავრცელა თავისი მიმართვა, დამიკავშირდნენ ასევე სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტიდან და დამისვეს შეკითხვა, თუ რით შეუძლიათ დამეხმარონ. ჩემი პასუხი არის შემდეგი, რომ მსურს, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლოს ეს საქმე და დაადგინოს, მოხდა თუ არა შალვა რამიშვილის მხრიდან ჩემი სექსუალური შევიწროება”, – თქვა ანანია გაჩეჩილაძემ.
25 მარტს გადაცემა „შაბათის ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც არხის ცნობით, ასახავს სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ანანია გაჩეჩილაძის სექსუალურ შევიწროებას.