„ანას ბაღის“ დასაცავად გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს

პუბლიკა

„ანას ბაღის” დასაცავად გამართულ აქციაზე 4 პირი დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს.

როგორც უწყებაში ამბობენ, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დღეს დილიდან „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე, ვარკეთილში, სამშენებლო კომპანია ტექნიკის შეყვანას  ცდილობს, ადგილობრივები კი სამუშაოების დაწყებას ეწინააღმდეგებიან. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა facebook-გვერდზე წერს, დღეს დილით  50-მდე კერძო დაცვის თანამშრომელმა ხელით გააჩოჩა ჭიშკართან მდგარი თეთრი მიკროავტობუსი და ცოცხალი ძალის კორიდორში შეძლეს ტრაქტორის შეყვანა.

„როგორც ჩანს, გზას უმზადებენ მიწისმთხრელს. ყველას! ყველას! ყველას! მოგმართავთ მთელს ვარკეთილს, მთელს თბილისს, ამ ბრძოლის დათმობა არაფრით არ შეიძლება. ქალაქის ხელისუფალთ და ფულის ტომრებიან მოძალადე ბიზნესმენებს ვანახოთ ვისია ეს ქალაქი“, – წერენ facebook-გვერდ „ანას ბაღის გადასარჩენად“.

მოსახლეობა შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“  მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.