სააპელაციო სასამართლო განმარტებას აკეთებს „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სააპელაციოს ინფორმაციით, მედიისა და პრესის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის გაგრძელების ნებართვა გასცა, არ შეესაბამება სინამდვილეს და წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორ სამართლებრივ და ფაქტობრივ ინტერპრეტაციას.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 27 აპრილს განიხილა კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების მოთხოვნით, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა მშენებლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რისთვისაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ გადაუწყვეტია მშენებლობის გაგრძელების ან შეჩერების საკითხი. სასამართლო მოუწოდებს მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ამბობენ სააპელაციო სასამართლოში.