„ანას ბაღის" მომიჯნავედ კომპანიამ მშენებლობა განაახლა

პუბლიკა

დღეს დილიდან ვარკეთილში, „ანას ბაღის” მომიჯნავედ კომპანია „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა“ მშენებლობა განაახლა.

მოგეხსენებათ, რომ საქალაქო სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ. დავის დასრულებამდე კი პირველი ინსტანციის სასამართლომ მშენებლობა შეაჩერა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მეორე ჯერზე კი საქალაქო სასამართლომ მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და შედეგად, დავის დასრულებამდე კომპანიამ მშენებლობის უფლება მიიღო.

„ჩვენ გუშინ გადაწყვეტილება ისევ გავასაჩივრეთ სააპელაციოში და ველოდებით საქმის განხილვას. უკვე ხელმეორედ. დიდი იმედი არც გვაქვს, იმიტომ, რომ სააპელაციომ უკვე იმსჯელა წინაზე. შესაბამისად, ვემზადებით სტრასბურგში გასასაჩივრებლად”, – ამბობს „პუბლიკასთან” საუბრისას „ანას ბაღის” დამცველი გიორგი ფხალაძე.

სამშენებლო სამუშაოები დღეს დილით დაიწყო. ფხალაძის შეფასებით, პროცესი კორონავირუსის დროს არსებული რეკომენდაციების უგულებელყოფით მიმდინარეობს.

„მუშები შედიოდნენ და არცერთს არ უტარდებოდა თერმოსკრინინგი.  არც დისტანცია, არც პირბადეები და სხვა რეკომენდაციები, რაც მთავრობამ გასცა. მივმართეთ შრომის ინსპექციას. ვნახოთ, დღეს რას იზამენ”, – ამბობს ფხალაძე.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ბენაშვილი ამბობს, პროცესი წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

„არსებობს შესაბამისი ინსტრუქციები, ყველაფერი გავლილი გვაქვს, ყველანაირი სტანდარტები დაცულია ჩვენ მიერ… სანამ მშენებლობას აღვადგენდით, ყველაფერი მოვაწყეთ, შევიტანეთ ადგილზე სადენზინფექციო ხსნარები, სიცხის საზომები და ა.შ.”, – ამბობს ბენაშვილი.


ადგილობრივი მოსახლეობა რამდენიმე წელია, ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს და ბაღს ფუნქციის დაკარგვით ემუქრება.

„მშენებლობა მიმდინარეობს „ანას ბაღის“ მომიჯნავედ. დასაწყისში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე ცდილობდნენ შემოჭრას, ბევრი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ ეს ტერიტორია. სწორედ მაგიტომ ჰქვია მოძრაობას „ანას ბაღის გადასარჩენად“. ახლა რეალურად ვიბრძვით ეზოსთვის, იმ ძირითადი ეზოსთვის, რომლითაც ვსარგებობდით”, – განმარტავს „პუბლიკასთან” საუბრისას გიორგი ფხალაძე.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კომპანიაზე გაცემული სამშენებლო ნებართვა ვერ აკმაყოფილებს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს.

ამავე თემაზე:

„ანას ბაღის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას EMC ეხმაურება